თბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი კონსერვატიული პარტიიდან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლიამ ფოქსი საქართველოში იმყოფება და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს.
9 იანვარს იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა და „ISAF“-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და, როგორც ფოქსმა აღნიშნა, ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეები განიხილა.
„უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოფილ თავდაცვის მდივანს, ამ შეხვედრაზე მომეცა შესაძლებლობა, საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის მინისტრის მეშვეობით მადლობა გადამეხადა ავღანეთის მისიაში თანამშრომლობისათვის. საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ძალიან აფასებენ როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე მთლიანად „ISAF“-ის მისიაში“, – განაცხადა ლიამ ფოქსმა.„ჩვენ განვიხილეთ ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ის, თუ როგორ მოვახდინოთ რეაგირება იქ არსებულ ძალადობაზე. ვისაუბრეთ ირანში არსებულ მდგომარეობაზე, ირანის ბირთვული პროგრამის და რეგიონში არსებული არასტაბილურობის საფრთხეებზე, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ უფრო ფართო გლობალურ სურათზე“, – განაცხადა მან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მხარესთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას განათლების სფერო წარმოადგენს. „BMATT“-ის (British Military Advisory Training Team) პროგრამის ფარგლებში ქართველი ინსტრუქტორები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების საკითხებზე ქ. ვიშკოვოს (ჩეხეთის რესპუბლიკა) სამხედრო აკადემიაში ყოველწლიურად გადიან მომზადებას. საქართველოს თავდაცვის უწყებასთან სამუშაოდ ბრიტანეთმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მრჩეველი გამოაგზავნა.
ლაიამ ფოქსი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება შინაგან საქმეთა მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარსაც ესტუმრა.
„ბატონი ფოქსი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, – ჩვენ გვქონდა ურთიერთგაცვლა მთელ რიგ საკითხებზე. ძირითადად, ეს ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს. ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვიღებთ როგორც პოლიტიკურს, ისე სხვა სახის, და ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სწორედ ეს საკითხები“.