თბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. როგორც ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შესული ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის საქმეს არ ეხება.
„თქვენ მხედველობაში გაქვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, როცა საგამონაკლისო წესით ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის ან გარკვეული სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო პრეზიდენტს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, ამ ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანა ბიძინა ივანიშვილს არ ეხება, რადგან მან (ივანიშვილმა) საქართველოს მოქალაქეობის მიღება არა მეორე პუნქტის, არამედ პირველი პუნქტის საფუძველზე მოითხოვა, რაც გულისხმობს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. როგორც ცნობილია, ივანიშვილი აღარ არის რუსეთის მოქალაქე, გაკეთებული აქვს განცხადება საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე, ამავე დროს, დაბადებულია საქართველოში, ამ ქვეყნის შვილია და ასე შემდეგ“, – განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ შესაბამის უწყებას ივანიშვილის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად მაქსიმალური 90-დღიანი ვადა აქვს.შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ არის. შესაბამისი ცვლილება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.
დღემდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა.
ზემოხსენებული ცვლილებების მიხედვით კი სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს.