თბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. ალმა-ატას პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დაკვეთილი მკვლელობის შესრულების მცდელობისთვის დააკავა. ამის შესახებ ყაზახური სააგენტო „ბნიუსი“ იუწყება.
საქართველოს მოქალაქე წელიწად-ნახევრის წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მადეუსკის რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რამდენიმე კაფეს მფლობელს მან ცივი იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. დამნაშავეს შავი ტანსაცმელი ეცვა და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა.
სამართალდამცველების განცხადებით, ჭრილობა სერიოზული იყო. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა რამდენიმე ოპერაციის შედეგად მისი გადარჩენა შეძლეს. პოლიციამ დანაშაულის მოტივის ძიებისას დაკვეთილი მკვლელობის ვერსიის დამუშავება დაიწყო.თავდაპირველად სამართალდამცველები დანაშაულის შემსრულებლის კვალზე გავიდნენ, რომელიც საქართველოს მოქალაქე (38 წლის) აღმოჩნდა. მან მომხდარის შემდეგ მალევე დატოვა ქვეყანა. ეჭვმიტანილი ბაქოში საგანგებო მივლინებით ჩასულმა ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
დანაშაულის დამკვეთი კი აღმოჩნდა პირი, რომელსაც დაზარალებულთან ფინანსური კავშირი ჰქონდა. დადგინდა, რომ მეწარმის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქემ დამკვეთისგან 3 ათასი დოლარი მიიღო. თუმცა მკვლელობისთვის დაპირებული თანხა სამჯერ მეტი იყო.
ასევე, დადგინდა, რომ ეჭვმიტანილს ჯგუფური ძარცვისთვის რუსი სამართალდამცველებიც ეძებდნენ. მან აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.