სამართალი
კახეთში სკანდალურად გათავისუფლებული დუღაშვილი სასწრაფოდ დაასაქმეს

dedofliswyaoთბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი საქინფორმს ატყობინებს, სკანდალურად გათავისუფლებული დავით დუღაშვილი სასწრაფოდ დაასაქმეს სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსად დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილის მითითებით.

დედოფლისწყაროს პროკურორი დავით დუღაშვილი 2010 წლის შემოდგომაზე თანამდებობიდან სკანდალურად მოხსნეს. მისი გათავისუფლება სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ  ცოლ-ქმრის, ნონა მეხრიშვილის და გია ტალიაშვილის, მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. პირად საუბარში ცოლ-ქმარი აღნიშნავდა, რომ დავით დუღაშვილმა მათ ქრთამი მოსთხოვა. მათ ეს ჩანაწერი წარადგინეს ზემდგომ ორგანოებში და მტკიცებულების გამო იძულებული გახდნენ, დავით დუღაშვილი სამსახურიდან დაეთხოვათ. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარს არ აპატიეს პროკურორის „გაფუჭება“, მოვალეებს ერთობლივი განცხადება დააწერინეს და თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. ჯერ კიდევ მუშაობის დროს ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი გულგრილობისთვის დავით დუღაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიცია და სასამართლო პროკურორის  ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. დავით დუღაშვილი მოქმედებდა პირადი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ინტერესით. მან მხოლოდ შეურაცხყოფისთვის, რომელიც სარჩულად დაუდეს მოზარდების კამათს, 3 არასრულწლოვანი ციხეში გაუშვა და ცხოვრების გზა გაუმრუდა. ეს შეურაცხყოფა, როგორც გაირკვა, მის დისშვილს მიაყენეს. მოგეხსენებათ, ნაციონალურმა რეჟიმმა შემოიღო დაპატიმრებული მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის სამარცხვინო სისტემა – ე.წ.საპროცესო შეთანხმება. 2010 წელს დედოფლისწყაროში 20-მდე მოზარდს შეუფარდეს საპროცესო შეთანხმება. 2010 წლის ზაფხულში ერთდროულად 9 მოზარდი გაუშვეს ციხეში. მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელი პირები თავის ნებაზე არიან მიშვებული და  ბიუჯეტის ფულებს პირადი ინტერესით ხარჯავენ. ერთ-ერთ ფაქტზე, სადაც შავით თეთრზე წერია, გამგებლის 2010 წლის ბრძანება 343-ით სოფელ არბოშიკში მცხოვრებ ავთანდილ ბაღაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილის ნათესავს, ჩაურიცხეს საცხოვრებელი სახლის გასამაგრებელი სამუშაოებისთვის 5632 ლარი. ეს იმ დროს, როცა კანონით დაშვებული იყო ავარიული და სტიქიით დაზარალებული სახლების შესაკეთებლად 700 ლარი. ამ საკითხზე 2011 წლის 29 იანვარს შეტანილ განცხადებაზე 2011 წელს იკადრეს პასუხის გაცემა. თურმე პროკურორმა ამ ფაქტში პირადი ინტერესი და დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. ასეთი ფაქტი მრავლადაა. სკანდალურად გათავისუფლებული დავით დუღაშვილიკი  სასწრაფოდ დაასაქმეს სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსად საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილის მითითებით.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს ამ განუკითხაობას და ეკითხება კომპეტენტურ ზემდგომ ორგანოებს, რადგან ადგილობრივები მაფიოზურ-კლანურ ურთიერთობაში არიან თვითმმართველობასთან – არ გაინტერესებთ, რა იცის ისეთი მათ საქმიანობაზე ყოფილმა პროკურორმა დავით დუღაშვილმა, ასე სასწრაფოდ რომ დაასაქმა თვითმმართველობამ?

სხვათაშორის, დავით დუღაშვილი 50 წლამდე ასაკისაა. როგორც მოგეხსენებათ, 45-დან 60 წლამდე ადამიანების დასაქმება ახლა დიდი პრობლემაა, რაც დუღაშვილისთვის ადვილად გადასაჭრელი აღმოჩნდა.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მოითხოვს, კომპეტენტურმა ორგანოებმა სასწრაფოდ დაიწყონ თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კონტროლის პალატას 7 წელია, არ შეუმოწმებია დედოფლისწყაროს ბიუჯეტის მიზნობრიობა, არადა, კანონით, ეს უნდა ხდებოდეს 2 წელიწადში ერთხელ.