საზოგადოება
„ზესტაფონმა“ ფეხბურთელები გაანათხოვრა

zestafonii2თბილისი, 9 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ზესტაფონმა“ თავისი რიგებიდან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდში გაანათხოვრა.
თავდამსხმელი საბა ლომია, რომელიც იმერული კლუბის დუბლების რიგებში ორჯერ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო უმაღლეს ლიგაში ორი გოლიც გაიტანა, სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით, ბოლნისის „სიონის“ ღირსებას დაიცავს.
ლომიას გარდა, უმაღლესი ლიგის სხვა გუნდში გააგრძელებენ თამაშს ნახევარმცველები გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი და ნოდარ კიკნაველიძე. სამივე ფეხბურთელი „გაგრას“ ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელების განათხოვრების მოტივი მათთვის მეტი სათამაშო პრაქტიკის შეძენაა. ჭანკოტაძემ გულშემატკივარს თბილისის „დინამოს“ კარში გამარჯვების გოლის გატანით დაამახსოვრა თავი. სარდალიშვილს რამდენჯერმე მიეცა საშუალება, შეცვლაზე ეთამაშა, კიკნაველიძე კი დუბლებში თამაშობს და გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

„ზესტაფონის“ მიზანია, ყველა ეს ფეხბურთელი გუნდს უკვე გაზრდილი პროფესიონალიზმით და მეტი პრაქტიკით დაუბრუნდეს.
ოფიციალურ განცხადებას კლუბები უახლოეს მომავალში გააკეთებენ.