2011 წლის 30 დეკემბერს „ასავალ-დასავალის“ ინიციატივით გაიმართა ფარნების აქცია სახელწოდებით „ვეძებთ სიტყვის თავისუფლებას“. თავისუფალი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისში საგაზეთო ჯიხურების აღება, პრესის გავრცელების შეზღუდვა გავაპროტესტეთ და კიდევ ერთხელ გამოვუცხადეთ სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომ არ მივცემთ უფლებას, საქართველოში თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი კუნძულიც ჩაძირონ.
ფარნების აქციის ჩატარების შესახებ „ასავალ-დასავალის“ ინიციატივას შეუერთდნენ „ალია ჰოლდინგი“, „მედიაპალიტრა“, „რეზონანსი“, „ვერსია“, „მაესტრო“ და ხელისუფლების კლანჭებისგან თავისუფალი სხვა მედიასაშუალებები. აქციაზე თავისუფალი მედიისადმი სოლიდარობის ნიშნად მოვიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ადვოკატები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები.აქციის მონაწილეები ყოფილი სასტუმრო „აჭარის“, ახლანდელი სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ წინ მდებარე მოედანზე შევიკრიბეთ, ცოცხალი ჯაჭვი შევკარით, ხელში დავიჭირეთ ანთებული ფარნები და პლაკატები წარწერით – „ჩვენ ვაშუქებთ! სააკაშვილი აბნელებს!“ დემონსტრაციულად გადავჭერით პეკინის გამზირი და მივედით დოლიძის ქუჩის კუთხეში, საიდანაც ერთდროულად პრესის რამდენიმე ჯიხური აიღეს.
რატომ გვეჭირა დღისით-მზისით ხელში ანთებული ფარნები და რისი თქმა გვინდოდა ამით?
მოგეხსენებათ, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, სინოპელი ბრძენი დიოგენე, დღისით ანთებული ფარნებით დადიოდა ქალაქის ქუჩებში და როცა ეკითხებოდნენ, თუ რისთვის აკეთებდა ამას, პასუხობდა – „ვეძებ ადამიანს!“
„ასავალ-დასავალის“ ინიციატივით გამართული ფარნების აქციის არსიც ანალოგიური იყო – დღისით-მზისით ანთებული ფარნებით ხელში ძებნა გამოვაცხადეთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დევნილ თავისუფალ სიტყვაზე.
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში დავწერე და ახლაც გავიმეორებ: თუ თავისუფალი მედია ერთიანი იქნება, თუ საზოგადოება სოლიდარობას გამოუცხადებს თავისუფალ პრესას და ჟურნალისტებთან ერთად დადგება სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი ვერაფერს გახდება.
პირიქით, სწორედ თავისუფალი პრესა იქნება ის კედელი, რომელთან დაჯახებითაც ეს რეჟიმი რქებსა და კისერს წაიმტვრევს.
დიახ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი უპირისპირდება თავისუფალ სიტყვას, იგი ამით უპირისპირდება არა მარტო დემოკრატიას, თავისუფალ მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ თავად უფალს!
„დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“, – ვკითხულობთ იოანეს სახარებაში.
დიახ, ამქვეყნად სიტყვა და მისი თავისუფლად წარმოთქმის უფლება სააკაშვილის რეჟიმის კი არა, ღმერთის მიერ არის დაკანონებული, ამიტომ ვინც სიტყვის თავისუფლებას ებრძვის, ის ღმერთს ებრძვის, ღმერთთან ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა!
ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებო, პატივცემულო საზოგადოებავ, ვიყოთ ერთიანნი და სოლიდარულნი სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის ბრძოლაში და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ამ ბრძოლაში თავად უფალი ჩვენ გვერდითაა!
ჯაბა ხუბუა
დიახ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი უპირისპირდება თავისუფალ სიტყვას, იგი ამით უპირისპირდება არა მარტო დემოკრატიას, თავისუფალ მედიასა და ჟურნალისტებს, არამედ თავად უფალს! „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“, – ვკითხულობთ იოანეს სახარებაში. დიახ, ამქვეყნად სიტყვა და მისი თავისუფლად წარმოთქმის უფლება სააკაშვილის რეჟიმის კი არა, ღმერთის მიერ არის დაკანონებული, ამიტომ ვინც სიტყვის თავისუფლებას ებრძვის, ის ღმერთს ებრძვის, ღმერთთან ბრძოლაში კი გამარჯვებული ჯერ არავინ გამოსულა!