მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ დატყვევებული მეზღვაურები გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს, რომელშიც განმარტავენ, რომ 16-თვიან ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება წარმატებით დასრულდა და ისინი ამჟამად შეიარაღებული დაცვის თანხლებით საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე იმყოფებიან.
„ამ დროისთვის ისინი მიემგზავრებიან აფრიკის ერთ-ერთ უსაფრთხო პორტში. ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებას ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობდა. მეზღვაურებს ჩაუტარდებათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო“, – აცხადებენ სააგენტოში.
იმავე ინფორმაციით, აფრიკაში იმყოფებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მამუკა ახალაძე და თეიმურაზ შერვაშიძე, კოორდინაციას კი მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი უწევს. საემიგრაციო პროცედურების მოგვარება დაწყებულია, სულ მალე ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.
ამასთან, დანიის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მათმა გემებმა, რომლებიც ნატოს მისიის შემადგელობაში არიან, სომალის ნაპირებთან მეკობრეების მიერ დატყვევებული 14 მეზღვაური გაათავისუფლეს. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ამჟამად თავად მეკობრეების დაკითხვა მიმდინარეობს. დანიის სამხედრო საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ტყვეები პაკისტანელი და ირანელი მეზღვაურები არიან, რომლებიც მეკობრეებმა ორი თვის წინათ დაატყვევეს. გასულ ხუთშაბათს ირანელი მეზღვაურების ერთი ჯგუფი მეკობრეებისგან აშშ-ის მეზღვაურებმა დაიხსნეს.