დემეტრაძის განაცხადი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგშია
თბილისი, 9 იანვარი,
საქინფორმი. ფეხბურთელის ადვოკატ მარიკა ფხალაძის განმარტებით, ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული გიორგი დემეტრაძე საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის სამი მუხლის დარღვევაში ედავება. კერძოდ, ევროკონვენციის მეექვსე მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მესამე მუხლი (არაადამიანური მოპყრობა) და მერვე მუხლი (პირადი ცხოვრება).
„არაადამიანური მოპყრობა რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გამოიხატა, სადაც მსჯავრდებულს ორი კვირის განმავლობაში ბარათის გამოყენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში დემეტრაძე ვერ ყიდულობდა ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებს. რაც შეეხება მეექვსე მუხლის დარღვევას, სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო. დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიუხედავად დემეტრაძეს მსჯავრი ქურდული სამყაროს წევრობაში დასდეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მერვე მუხლის დარღვევის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია – დემეტრაძე დააკავეს იმის გამო, რომ ვატო ყიფიანის და დავით გაგნიძის მეგობარი იყო. ევროკონვენციის მერვე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება პირადი ცხოვრების, სამეგობრო წრის არჩევის. საქმეში კი არსებობს პოლიციის დახასიათება, სადაც აღნიშნულია, რომ დემეტრაძე გაგნიძისა და ყიფიანის მეგობარია და კრიმინალია“, – აღნიშნავს ადვოკატი.