ერთიანმა ეკონომიკურმა სივრცემ 1 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო
თბილისი, 6 იანვარი,
საქინფორმი. ერთიანმა ეკონომიკურმა სივრცემ, რომელიც რუსეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს აერთიანებს, 2012 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო. არსებითად, ეს სამი ქვეყნის საწარმოებისათვის ერთიან სათამაშო მოედანს ნიშნავს. ჯერ ერთი, ეს არის ერთიანი სავალუტო პოლიტიკა, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და სოფლის მეურნეობის ერთობლივი მხარდაჭერა. მეორეც, ეს არის კონკურენციის ერთიანი წესები ყველასათვის, პროტექციონიზმის აკრძალვა, საზღვრებზე საქონლის თავისუფალი გადაადგილება. მესამეც – საბაჟო წესებისა და ტარიფების უნიფიკაცია.
ახალი წლიდან მუშაობას იწყებს ევრაზიული ეკონომიკური კომისიაც, რომელიც საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმატებში ინტეგრაციულ პროცესებს უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში შევა რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის 800 წარმომადგენელი და ის იმოქმედებს როგორც საკავშირო სამინისტრო. კომისიას უფლება ექნება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სამივე ქვეყნისათვის სავალდებულო იქნება. ახალი ორგანო, რომელიც 1 ივლისს მთლიანად შეცვლის საბაჟო კავშირის უწინდელ კომისიას, გადაწყვეტილებებს კონსენსუსით მიიღებს.