პოლიტიკა
პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახური კონტროლის პალატაში

bej_migelთბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. კონტროლის პალატაში მუშაობას შეუდგა ახლად შექმნილი სამსახური, რომლის ფუნქციაც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგია.

კონტროლის პალატის ამ ახალი სამსახურის უფროსად ნათია მოგელაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე პროკურორად მუშაობდა. ის იყო ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც შარშან შემოდგომაზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პირველ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა.

მოგელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი სამსახური მოწოდებულია, მჭიდროდ ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პარტიათა დაფინანსების ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული პირობები.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, კონტროლის პალატის განცხადებით, მას „პარტიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტის დადგენაში“ დაეხმარება.

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების ახალი, გამკაცრებული რეგულაციები ძალაში დეკემბრის ბოლოს შევიდა, რომლის მიხედვით, იურიდიული პირებს, მათ შორის, ბიზნესორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ; ფიზიკური პირების მიერ პარტიებისთვის ყოველწლიური შემოწირულობის ზედა ზღვარი 60 000 ლარამდე გაორმაგდა; ასევე, დაწესდა პარტიის საწევროზე ზედა ზღვარი, წელიწადში 1 200 ლარის ოდენობით.

ის შეზღუდვები, რომელთაც კანონი პოლიტიკურ პარტიებს უწესებს, ვრცელდება იმ იურიდიულ პირზეც, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შეზღუდვები ვრცელდება პირზეც, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები.

5 იანვარს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, რომ ფინანსური დეკლარაციის წარმოდგენა მილიარდერი პოლიტიკოსის – ბიძინა ივანიშვილის, მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასაც“ მოუწევს, რადგან მას გაცხადებული პოლიტიკური მიზნები გააჩნია. მოგელაძემ იქვე დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ დეკლარაციის წარმოსადგენად გონივრული ვადა მიეცემა.

აქამდე პარტიები ვალდებულნი იყვნენ, ფინანსური დეკლარაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წარედგინათ, თუმცა კომისიის უფლებამოსილებები მონიტორინგის კუთხით საკმაოდ შეზღუდული იყო. ახალი რეგულაციების თანახმად, კონტროლის პალატას ამ კუთხით საკმაოდ ფართო უფლებები ენიჭება.

პარტია ვალდებული იქნება, რომ კონტროლის პალატას 3 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ; ასევე, 1 თებერვლამდე წარუდგინოს გასული წლის საფინანსო დეკლარაცია აუდიტორული ფირმის დასკვნასთან ერთად, რომელიც კონტროლის პალატამ ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია, არჩევნების გამოცხადების დღიდან სამ კვირაში ერთხელ წარუდგინოს კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიში.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოო ვარიანტში საგრძნობლად არის გაზრდილი კონტროლის პალატის უფლებამოსილებები კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით.

კონტროლის პალატას გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რაც მოქმედი კანონმდებლობით ცენტრალურ სარჩევნო კომისიას ეკისრება პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის კუთხით. კონტროლის პალატას, კანონის თანახმად, ხელი მიუწვდება პარტიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფინანსურ ინფორმაციაზე.

კონტროლის პალატას უფლება ეძლევა, განახორციელოს სანქციები და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურას.

კონტროლის პალატას შეუძლია, მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დააკისროს ჯარიმები პარტიებს და პირებს, თუ ისინი პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აკრძალულ შემოწირულობებს მიიღებენ ან ამ ინფორმაციას დამალავენ; ასევე, ამგვარი შემოწირულობის გამცემ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

კონტროლის პალატას შეუძლია 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისროს პარტიას ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების, შეუსრულებლობის გამოც. ამასთან, კონტროლის პალატას შეუძლია პასუხისმგებლობის დაკისრება ზემოთ ჩამოთვილილი ქმედებების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.

ამ ნორმების არაერთგზის დარღვევის გამო, თუ ისინი უკავშირდება არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს, კონტროლის პალატას, ასევე, ენიჭება უფლებამოსილება, მიმართოს ცესკოს არჩევნებიდან პარტიის მოხსნის მოთხოვნით.

გარდა ამისა, კონტროლის პალატას შეუძლია, ყადაღა დაადოს პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას და საბანკო ანგარიშებს ისე, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეაჩერებს ყადაღის მოქმედებას. კანონში არაფერი წერია, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ყადაღის დადების საფუძველი.