პუბლიკაციები
ავთანდილი: „ჩემი წარმატების ფორმულა სხვას არ გამოადგება!“

avtoთბილისმა  რიგით მეხუთე  მოდის კვირეულს უმასპინძლა. „Event Hall“-ში ცნობილ დიზაინერებთან ერთად, დამწყებმა დიზაინერებმაც  წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები. ყველაზე კრეატიული და ინოვაციური მოდური ღონისძიებების პარალელურად  კი სავაჭრო ცენტრ „გრატო პასაჟში“ სამკაულისა და აქსესუარების გამოფენა მოეწყო. ამ კვირეულს „სიურპრიზების“ გარეშე არ ჩაუვლია და, შესაბამისად, ღონისძიების  შემდეგ  საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქართველ დიზაინერთა „უნიჭობაზეც“ ალაპარაკდა. უდავოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ქართველი გვიპასუხებს – ქართველები ნიჭიერი ერი ვართო,  მაგრამ  დაისმის  კითხვა – მოდის სფეროშიც?

საქართველოში  უნდა იყოს თუ არა ორი „მოდის კვირეული“, რამდენად ორგანიზებულად ტარდება შოუ, შეუძლიათ თუ არა ქართველ დიზაინერებს, გვიკარნახონ მოდის ტენდენციები  და არის თუ არა ეს კვირეულები  ელიტისთვის, უბრალოდ, რიგითი გასართობი? საქინფორმმა ამ საკითხებთან დაკავშირებით ავთანდილ ცქვიტინიძეს მიმართა, რომელიც ერთ-ერთია იმ ქართველ დიზაინერთაგან, ვინც ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა.

– რა არის ავთანდილ ცქვიტინიძის წარმატების ფორმულა?

– ეს ჩემი წარმატების ფორმულაა და შეიძლება არ გამოდგეს  სხვა დიზაინერებისთვის, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შრომისმოყვარეობა. მოდა მუდმივად განვითარებადი სფეროა. წინა დღის ნამუშევარი ხვალ უკვე ძველია, ამიტომ დროს უნდა უსწრებდე, სულ მცირე, ერთი წლით და გქონდეს უსერიოზულესი ინფორმაცია. ბევრი რამ არის საჭირო იმისთვის, რომ იყო წარმატებული – კარგი გუნდი, ფინანსები, სწორი მენეჯმენტი, გათვლები. მნიშვნელოვანია გამოცდილებაც და წლებიც. უკვე  17 წელია, აქტიურად ვარ ჩართული ამ სფეროში და, შესაბამისად, მაქვს გამოცდილებაც. რაც შეეხება კომპანიას, ის დაარსდა ათიოდე წლის წინათ.

– ბატონო ავთანდილ, კოლექციის შექმნისას, პირველ რიგში, რას უნდა ითვალისწინებდეს დიზაინერი?

– ტენდენციას. ამის განსაზღვრა ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც  წინ უნდა უსწრებდე დროს და ზუსტად პასუხობდე გამოწვევებს. მე ახლა ვმუშაობ 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე, თითქმის დავასრულე. კონსულტაციებს პარიზში გავდივართ. მარტში მას შოურუმებში წარვადგენთ და ევროპის ბაზარიც იხილავს.

– თქვენს ნამუშევრებში რა დეტალს  გამოყოფდით, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ინდივიდუალურობას?

– ნებისმიერ დიზაინერს აქვს თავისი ხაზი. მე უფრო კლასიკური დიზაინერი ვარ. ჩემს ნამუშევარში გამორჩეულად ყოველთვისაა  გაკეთებული აქცენტი კონსტრუქციაზე, ანუ  ქალის სხეულის კონსტრუქციაზე – საკმაოდ რთული თარგებით მორგებულია ევროპულ პრინციპებს და აბსოლუტურად ჰარმონიულია ქალთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის.  გარკვეულწილა, ეს   ჩემი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

– ბატონო ავთანდილ, „Georgian Fashion Week“-ს როგორ შეაფასებდით?

კვირეული გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი კოლექციები გამოვიტანოთ ჩვენებებზე და გავაცნოთ საზოგადოებას. კვირეულებზე მოჰყავთ კრიტიკოსები.  ჩვენ ხომ მოდის კრიტიკოსები არ გვყავს... ამდენად, მათი სწორი, პროფესიონალური შეფასება მნიშვნელოვანია დიზაინერებისთვის. ცალკეულ დიზაინერებს გაუჭირდებათ ამ პროექტის ორგანიზება, ამიტომ ამის ასპარეზს  სწორედ ეს კვირეულები გვაძლევს.

– თქვენ განსაკუთრებით გიყვართ შავ ფერზე მუშაობა...

– ვფიქრობ, შავი ყველაზე კარგი, პრაქტიკული ფერია, თან ყველაზე მარტივი მოსახმარიც არის. საზოგადოების თითქმის 90 პროცენტს შავი ფერის სამოსი აქვს გარდერობში. ძალზე რთულია, ყოველდღე ფერადებში შემოსილმა იარო...

– საქართველოში ვინ არის ყველაზე წარმატებული დიზაინერი, რომლის შემოქმედებაც მოგწონთ და აღიარებთ?

– აღიარებისათვის დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. უნდა ქმნიდე კომფორტულ, ხარისხიან ტანსაცმელს, რომ მომხმარებელთა ბაზარი იყოს კმაყოფილი. შესაბამისად, ვისი ბრენდიც კომერციულად მოთხოვნადი და გაყიდვადია, ის ჩაითვლება წარმატებულად... ვთვლი, რომ საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ სერიოზულად გაიტანა დავით კომამ, რომელიც მოღვაწეობს ლონდონში და ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს. ეს ძალზე საამაყოა.

– განვითარების რა ეტაპზეა დღეს ქართული მოდა?

– რთულია ამაზე საუბარი, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს შემოსავლების მომტანი მოდის ინდუსტრია. ვფიქრობ, ეს არის განვითარების პირველი ეტაპი, როცა დიზაინერები ძიების პროცესში არიან. ყოველწლიურად ჩვენ ახალი დიზაინერები გვყავს და, ბუნებრივია, მათი შემოქმედება ფასდება. ეს, გარკვეულწილად, დაკვირვების პროცესია. თავისთავად, ჩანს, დიზაინერი იზრდება თუ ვერა, რამდენად ხდება ის კომერციული, ჰყავს თუ არა მომხმარებელი, რამდენად მოერგო ქართულ თუ ევროპულ ბაზარს...  კარგი დიზაინერის მიზანიც ხომ სწორედ აღიარება  და ბაზარზე მოთხოვნადობაა.

– საქართველოში ბევრი დიზაინერია... მაგრამ  ვფიქრობ, რომ  არავინ ისე არ  ჩანს, როგორც ავთანდილი...

– უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ. არ არის ცოტა 17 წელი...  სწორი მარკეტინგული მუშაობის შემდეგ ჩემი კომპანია განვითარდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელთა ბაზარზეც გადის ჩემი კოლექციები, მაგრამ  მე ისევ სიახლეების ძიების პროცესში ვარ. ჯერჯერობით  ჩემი ბრენდი წარმატებულია და ეს კომპანიის სწორ მუშაობაზე მიანიშნებს...

– ბატონო ავთანდილ, კანონის ფარგლებში რამდენად დაცულია ეს სფერო საქართველოში?

– პლაგიატობისგან მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ არის დაცული. ამის ძალიან კარგი მაგალითია კომპანია „ზარა“, რომელიც იყენებს ყველა წამყვანი დიზაინერის კოლექციებს  დაბალ ფასად, მაგრამ ის ყველაზე მდიდარი კომპანიაა  მსოფლიოში. მთავარია, სახელი არ გამოიყენონ, თუმცაღა არც ამაზე ამბობენ უარს, ზოგჯერ დიდი დოზითაც კი. ამის  წინააღმდეგ მსოფლიო იბრძვის, მაგრამ, როგორც ჩანს, – უშედეგოდ.

– რამდენად სარგებლობენ ქართველი დიზაინერები საქპატენტის მომსახურებით?

– საქართველოში ძალზე რთულია ამ პროექტის მორგება, თუ არ გაქვს მასმარკეტი. თუნდაც ერთი ქვედაბოლოს  დაპატენტება დიდ დროს მოითხოვს. ალბათ, რთული იქნება ეს ყველა დიზაინერისთვის...

– ბატონო ავთანდილ, იქნება კი შედეგის მომტანი დიზაინერთა გაერთიანება და ერთობლივად კოლექციების შექმნა?

– დიზაინერებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად აწარმოონ ბრენდი, უნდა გაერთიანდნენ, მოიძიონ ფინანსები და ერთობლივი ძალით იმუშაონ ბრენდზე.  ვფიქრობ,  ეს ძალიან კარგი იქნება...

– მაგრამ  საზოგადოებაში  არის  მოსაზრება,  რომ  „დიზაინერები ერთმანეთს ვერ იტანენ“...

– ეს საკითხი ინდივიდუალურია. კონკურენცია არის ყველგან. მთავარია, რამდენად ჯანსაღია ეს კონკურენცია. არა მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში არ მოიძებნონ ისეთები, რომლებიც საერთო ენას ვერ გამონახავენ. ეს ჩემი პრობლემა არ არის, მე მაქვს ჩემი წარმოება, კონტაქტები, ჩემი ჩვენებები, მყავს აგენტი პარიზში, რომელიც რეკლამას მიკეთებს   ევროპის ბაზარზე და, ამასთან, წარმატებულად გამოვდივარ სხვადასხვა ქვეყანაში კვირეულებსა თუ შოურუმებში. გამომდინარე აქედან, გლობალურ პრობლემებზე ფიქრის დროარ მაქვს.

– ამ სფეროში თქვენი შეფასებები, როგორც გამოცდილი დიზაინერის, მნიშვნელოვანია.  როგორ შეაფასებთ ქართული მოდის კვირეულებს?

– რუსეთის კვირეული ჯერ  ვერ ავიდა იმ დონეზე, რომ კონკურენცია გაუწიოს  მსოფლიოს წამყვან კვირეულებს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან გვეჩქარება  და შეიძლება გვინდა,   მსოფლიო გავაოცოთ, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი... რაც კეთდება, ეს არის დღესდღეობით შესაძლებლობების მაქსიმუმი. კარგი შედეგის მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ყველაფერი თანდათან ვითარდება. ამ კვირეულებზე სხვადასხვა  ქვეყნიდან  ჩამოდიან სტუმრები, ჩვენ კი ვიწვევთ საზოგადოებას და შემდეგ ხდება ამ ყველაფრის შეფასება. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ეს  შემოქმედებითი ზრდის პროცესია და ასეც უნდა იყოს. ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს მივაღწევთ სასურველ შედეგს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, მაგრამ შეიძლება იყოს ზეგ.

– საქართველოში უნდა იყოს თუ არა ორი კვირეული?

– რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, კიევშიც არის ორი კვირეული და მოსკოვშიც. თავად დრო გვიჩვენებს, რამდენად საჭირო იქნება ორი კვირეული.

– რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულზე?

– წინა სეზონზე არ ვიყავი საქართველოში. სწორედ ამ სეზონს დაემთხვა ჩემი კარიერის დასაწყისი პარიზში და ფიზიკურად ვერ მოვასწარი ჩამოსვლა.

მოდის სფეროში რამდენად განსაზღვრავს დრო  ხარისხს?

– რათქმა უნდა, დრო განსაზღვრავს ხარისხს. ერთი თვის სამუშაოს ორ დღეში ხარისხიანად ვერ შეასრულებ. ეს კვირეულები იმ კუთხითაც არის კარგი, რომ მშვენივრად ჩანს დიზაინერთა შესაძლებლობები. საზოგადოება ირჩევს ხარისხს, აფასებს – ვისი შემოქმედებაა უფრო საინტერესო და მისაღები. ჩვენ ვერ ავკრძალავთ ამ პროცესს, რადგან ყველას აქვს უფლება, თავისი ნამუშევარი წარმოადგინოს.

– რატომ ვერ ავკრძალავთ? არ არსებობს იმის მარეგულირებელი  ფაქტორები, რომლებიც შეზღუდავს კვირეულზე უხარისხო სამოსის გატანას?

– მე ამაზე არ ვფიქრობ... დრო გვიჩვენებს, რამდენად გაძლებს ბრენდი. მთავარია სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. ჩემი ბრენდი უკვე 15 წელია, მოთხოვნადია და მე ამით ვამაყობ. იმედია, მომავალშიც გავაგრძელებთ წარმატებულ საქმიანობას. თუ შემდეგში აღარ იქნება ბრენდი მოთხოვნადი,  ჩვენც აღარ ვიმუშავებთ... ჩვენ რა წესებიც უნდა დავაწესოთ  ამ სფეროში, ვერ ავუკრძალავთ ადამიანს ვერც ატელიეს გახსნას და ვერც ჩვენებაზე გამოსვლას...

– ორიოდ სიტყვით სამომავლო გეგმებზე...

– ვმუშაობ 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე პარიზისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, მარტშიუკვე  წარვადგენთ  შოურუმებში და იხილავს მას ევროპის ბაზარი  სხვა  ცნობილ  ბრენდებთან ერთად.

 

ესაუბრა თინა ღლონტი

საქინფორმი

დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის ნამუშევრები იხილეთ ჩვენს მთავარ გვერდზე სლაიდშოუში, ხოლო სრულმასშტაბიანი - რუბრიკაში „ფოტოგალერეა“