სამართალი
კუკავა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგებს ევროსაბჭოში გაასაჩივრებს

1kukava11თბილისი, 6 იანვარი,საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია უახლოეს დღეებში აღნიშნული არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს.

„ვთხოვთ მოქალაქეებს, მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული დამატებითი ინფორმაცია. აგრეთვე, მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში, რათა შედგეს ქართული ოპოზიციური სპექტრის მიერ შემუშავებული ერთიანი დოკუმენტი, რომელიც ევროპულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გადაეცემა“, – აცხადებს კუკავა.

მისივე თქმით, „ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური შედეგები არ შეეფერება რეალობას და მიხეილ სააკაშვილს რეალურად ასიათასობით ხმის გაყალბება დასჭირდა ამ შედეგის მისაღწევად“.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაერთხელ წარუდგინა ცესკოს და სასამართლოს, თუმცა ოპოზიციის მცდელობა რეაგირების გარეშე დარჩა სახელმწიფოს მხრიდან. ოპოზიციამ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნული მასალებით და მოითხოვა სს გამოძიების დაწყება გაყალბების ფაქტებზე, მაგრამ რეაგირება არც პროკურატურას მოუხდენია. ამდენად, ერთადერთი ინსტანცია, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ევროპის საბჭო და სხვა ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტებია“, – აღნიშნავს არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი.