საზოგადოება
ალექსანდრე მეტრეველი „ქართულ ოცნებას“ უერთდება

12metreveliთბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს. იგი დღეს, 15.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისს ეწვევა და ოფიციალურად დარეგისტრირდება მოძრაობის მხარდამჭერად.

ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი დაიბადა თბილისში 1944 წლის 2 ნოემბერს.

ჩოგბურთში ვარჯიში 7 წლისამ დაიწყო. პირველ გამარჯვებას 17 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც ერთეულთა თანრიგში ახალგაზრდებს შორის უძლიერესის წოდება არავის დაუთმო. პირველი დიდი წარმატება კი უიმბლდონზე იგემა. იგი ერთადერთი ჩოგბურთელია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა – ერთხელ ერთეულთა (1973 წ.), ხოლო ორჯერ შერეულ წყვილთა შორის (1968 და 1970 წლები). ასევე, ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი კაცია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა (1974-ში მე-9 ნომრად). 18 წლის განმავლობაში შედიოდა სსრ კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში, აქედან – 12-ჯერ პირველ ნომრად. მონაწილეობდა „დიდი სლემის“ 23 ტურნირში (74 შეხვედრიდან 52 მოიგო). განსაკუთრებით შთამბეჭდავია ალექსანდრე მეტრეველის წარმატებები „დევისის თასის“ შეჯიბრებაში. აღნიშნულ ტურნირში მან 105 შეხვედრა ჩაატარა და 90-მდე გამარჯვებასაც მიაღწია.

სპორტული კარიერის განმავლობაში ალექსანდრე მეტრეველს არაერთი გამარჯვება მოუპოვებია: 29-ჯერ გახდა ყოფილი სსრ კავშირის ჩემპიონი, 16-ჯერ – ევროპის პირველობის გამარჯვებული ერთეულთა, შერეულ და წყვილთა თანრიგში. არის აზიის ჩემპიონი, მოგებული აქვს სკანდინავიისა და შვედეთის ღია პირველობები, ასევე, კენტის საგრაფოსა და კაიროს პირველობები, ორჯერ 1971 და 1972 წლებში ავსტრალიის ექვსივე შტატის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ამის გამო ამ ქვეყნის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

პროფესიით ჟურნალისტი ალექსანდრე მეტრეველი ამჟამად რუსეთის ტელეკომპანია „HTB-პლუსის“ კომენტატორია.