სამართალი
„Human Rights Watch“ – ანგარიში სამართალდარღვევათა სისტემის შესახებ

humanrw1თბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში არსებული სისტემა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს არეგულირებს, ნაკლოვანებით გამოირჩევა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულთა უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებსა და სამართლიან სასამართლოზე, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის (HRW) მიერ 4 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსისგან განსხვავებით, წვრილმან დანაშაულთან დაკავშირებულ რეგულაციებს მოიცავს, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას, მაქსიმუმ, 90 დღის ვადით. პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 დღიდან 90-მდე 2009 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ გაიზარდა და ხელისუფლების ეს ნაბიჯი ევროკავშირის მოხსენებაშიც გაკრიტიკებულია როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო.

41-გვერდიანი ანგარიში – „ადმინისტრაციული შეცდომა: საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა“, გამოყოფს რამდენიმე პრობლემას. მათ შორის, ერთ-ერთი საკითხია ის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ბრალდებულებს უფრო ნაკლები სამართლებრივი უფლებები აქვთ, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად იყენებდა საპროტესტო აქციების მონაწილეთა და აქტივისტთა დასაპატიმრებლად პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდებში, არ მოითხოვს პოლიციისგან – დაკავებისთანავე განუმარტოს პიროვნებას მისი უფლებები და დაკავების მიზეზები; დაკავებულებს არ ეძლევათ საშუალება, დაუკავშირდნენ ოჯახს, ხოლო ადვოკატებს ექმნებათ სირთულეები, გაარკვიონ, თუ სად იმყოფება თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებული პირი.

მოხსენების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლო მოსმენები ზედაპირულია.

„შესწავლილი საქმეებიდან ჩანს, რომ სასამართლო სხდომები ზედაპირული იყო და იშვიათად თუ გრძელდებოდა 15 წუთზე მეტ ხანს; მოსამართლის გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობა. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირები ახერხებდნენ ადვოკატის აყვანას, ადვოკატებს არასათანადო დრო ეძლეოდათ ეფექტური დაცვის განსახორციელებლად“, – ნათქვამია მოხსენებაში.

სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილებათა დასაბუთების ნაკლებობა ხაზგასმულია სახალხო დამცველის მოხსენებებშიც.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია მოყვანილი, უკავშირდება დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებულ ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შეუსაბამო პირობებს. დროებითი დაკავების იზოლატორები, რომლებშიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პატიმრობაშეფარდებულებს უწევთ ყოფნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაშია.

შსს-ის ცნობით, 2011 წელს გარემონტდა 12 იზოლატორი და დაემატა სამი ახალი. სამინისტროს განცხადებით, იზოლატორებში მისაღები სტანდარტების უზრუნველყოფა მიმდინარეობს და ეს პროცესი 2012 წლის ბოლომდე დასრულდება.

ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს 6 511 პირი გაასამართლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით; 2010 წელს – 8 657, რომელთაგან 3 097 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შსს-ის მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრამდე ადმინისტრაციული პატიმრობა 2 550 პირს შეეფარდა.

ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსი მოამზადა, რომლის პროექტიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 2011 წლის ივლისში დაამტკიცა. თუმცა, როგორც „Human Rights Watch“ აღნიშნავს, მომზადებული პროექტი არ აგვარებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, ბრალდებულთა სათანადო სამართლებრივი უფლებები.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განიხილოს ადმინისტრაციული პატიმრობის საერთოდ გაუქმების შესაძლებლობა.

„დაკავებულ პირებს მათი ძირითადი უფლებების უზრუნველსაყოფად რეფორმის პროცესის დასრულების ლოდინი არ უნდა სჭირდებოდეთ“, – ამბობს ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი ევროპასა და შუა აზიაში გიორგი გოგია, რომელიც ამ ანგარიშის ავტორია.

„იმედისმომცემია, რომ ხელისუფლება მოძველებული კოდექსის ცვლილებებზე მუშაობს, მაგრამ უფრო სასწრაფო ზომებია მისაღები, რათა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს“, – აცხადებს გოგია.