თბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 2012 წლის 1 იანვარს სამართალდამცველებმა ნუცუბიძის №93-ში მდებარე ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობიდან ავტომანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთის გატანის ფაქტი შენიშნეს. შსს-ის ინფორმაციით, იმ მოტივით, შეიცავდა თუ არა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს, მათ ავტომანქანის გაჩერება და შემოწმება სცადეს, თუმცა ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევის მიზნით პოლიციის მანქანას დაეჯახა.
ეროსი კიწმარიშვილის კომპანიის ორივე თანამშრომელი დააკავეს, რაც, თავის მხრივ, შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ“ გააპროტესტა და მომხდარი მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა.ბრალდებულების – ვალერი გიკაშვილისა და მიხეილ ზედგენიძის – ადვოკატ დავით კვაჭანტირაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები „მაესტროს“ კუთვნილი ტექნიკის მითვისებისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებული. ისინი გლდანის საპყრობილეში გადაიყვანეს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ 50-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამზადებელი სასამართლო პროცესი კი მიმდინარე წლის 28 თებერვლისთვისაა ჩანიშნული.