თბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა და მას საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი საორგანიზაციო საკითხების შესახებ ესაუბრა. პრეზიდენტის თქმით, კანონის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და დარჩენილი 9 თვის განმავლობაში ცესკო სათანადოდ უნდა მოემზადოს.
მისი განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიეს და ამ კოდექსს ვენეციის კომისიამ დადებითი შეფასება მისცა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მომზადება ბევრად რთულია, ვინაიდან, პრაქტიკულად, ყველა მოთამაშეა ამოქმედებული.
„9 თვე საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ჩავრთოთ, გრძელვადიანი მონიტორინგი ვაწარმოოთ, ყველა პარტია სათანადოდ მოემზადოს და ყველამ გააცნოს საკუთარი პროგრამა ამომრჩეველს. ამ შემთხვევაში, არ ვლაპარაკობ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ჩემი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, ინტერესია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სუფთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.როგორც ზურაბ ხარატიშვილმა პრეზიდენტს განუმარტა, ცესკო შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით მოქმედებს, რომელიც 2015 წლამდე ოთხი არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანია, მოიპოვოს ქართველი საზოგადოების სრული ნდობა როგორც საარჩევნო პროცესის მიმართ, ისე არჩევნების შედეგებისადმი.
შეხვედრის დასასრულ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეს და უწყების მთელ შემადგენლობას ავტონომიური, გამჭვირვალე და სწორი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნა ინსტიტუტები, რომლებიც ცალკეულ პირზე აღარ არის დამოკიდებული.