პოლიტიკა
ობამა: „საქართველოზე დებულებების შესრულება შესაძლოა, არასავალდებულოდ მივიჩნიო“

1obamaaaaთბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 31 დეკემბერს ხელი მოაწერა აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, თუმცა კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვისკენ მოუწოდებს, იმ მუხლებს შორის დაასახელა, რომელთა შესრულება მან, შესაძლოა, არასავალდებულოდ მიიჩნიოს.

აშშ-ის 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სამხედრო ხარჯებს განსაზღვრავს, ასობით მუხლისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი – №1242, საქართველოს ეხება.

ამ ნაწილში, რომლის სახელწოდებაც არის „თავდაცვის სფეროში საქართველოს რესპუბლიკასთან თანამშრომლობა“, აქტი თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის ნორმალიზაციისკენ მოუწოდებს, მათ შორის, თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით.

31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ხელმოწერის განცხადებაში [ამერიკაში არსებობს პრაქტიკა, როდესაც პრეზიდენტი კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ავრცელებს განცხადებას, რათა განმარტოს, თუ როგორ აპირებს მის შესრულებას] პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ „სერიოზული დათქმები“ აქვს ამ აქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ამ კუთხით, განცხადებაში ძირითადი აქცენტი კეთდება აქტის იმ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავების, დაკითხვისა და ბრალდების წესებს. კანონის ეს ნაწილი, რომელიც სამხედრო სტრუქტურების მიერ ამერიკის მოქალაქეების სასამართლო პროცედურების გვერდის ავლით განუსაზღვრელი ვადით დაკავების შესაძლებლობას ითვალისწინებს, ამ კანონმდებლობის ყველაზე საკამათო პუნქტია, რომელიც ბოლო დროს ამერიკაში ცხარე დებატების საგნად იქცა. ადამიანის უფლებათა დამცველები აქტს ამ პუნქტის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ, მართალია, მან ხელი მოაწერა აქტს, მაგრამ ის არ იზიარებს ამ პუნქტის შინაარსს და, შესაბამისად, არც მის გამოყენებას აპირებს.

იმავე განცხადებაში ჩამოთვლილია ის სხვა რამდენიმე პუნქტიც, რომელთა დაკავშირებითაც, პრეზიდენტ ობამას თქმით, მას აქვს გარკვეული დათქმები.

მათ შორის არის მუხლი №1242, რომელიც საქართველოს ეხება.

კერძოდ, ობამას მოჰყავს ორი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება მიიჩნიოს მან ეს მუხლები [მათ შორის საქართველოს შესახებ] შესასრულებლად „არასავალდებულოდ“.

ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები შესაძლოა, წარმოადგენდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას, თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, ეს მუხლები შესაძლოა, ისე იქნას წაკითხული, რომ გამოიწვიოს „მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო“ ინფორმაციის გამჟღავნება.

ობამას განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტის რამდენიმე დებულება, მათ შორის, საქართველოზეც, გამოიწვევს „ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას – განვახორციელო საგარეო ურთიერთობები აღმასრულებელი ორგანოსთვის დირექტივების მიცემის დროს, რომ დაიკავონ გარკვეული პოზიცია უცხო ქვეყნის მთავრობებთან მოლაპარაკებებისა და განხილვებისას“.

„თუ ამ დებულებების გამოყენება კონფლიქტში მოვა ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან, მაშინ მე განვიხილავ ამ დებულებებს როგორც შესასრულებლად არასავალდებულოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება, მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, შეიმუშაოს და კონგრესის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებს მისი ძალაში შესვლიდან 90 დღეში წარუდგინოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციის გეგმა“. კანონის მიხედვით, საქართველოს დახმარების მიზანია, რომ მან „უზრუნველყოს საკუთარი მთავრობის, ხალხის და სუვერენული ტერიტორიის დაცვა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე აღებული ვალდებულების შესაბამისად“.

იგი, ასევე, მოუწოდებს, რომ შტატებმა მიჰყიდოს საქართველოს „თავდაცვითი საშუალებები და მომსახურება“. იქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა მოუწოდოს „ნატოს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს, განაახლონ და გააფართოონ თავდაცვითი შეიარაღებისა და მომსახურების მიყიდვა საქართველოს რესპუბლიკისთვის ნატოს უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში, რათა გაღრმავდეს თავდაცვის სფეროში ურთიერთობა და თანამშრომლობა“ თბილისთან.

„ნორმალიზაციის გეგმა“ უნდა შეიცავდეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ „საჭიროებათა შეფასებას“ – იმ ღონისძიებათა ნუსხას, რაც საქართველოს თავდაცვის გასაუმჯობესებლად ესაჭიროება. იმავე გეგმას უნდა ერთვოდეს იარაღის შესყიდვის თაობაზე ყველა ის განაცხადი, რითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს აშშ-თვის მიუმართავს. კანონის თანახმად, ეს გეგმა საჯარო უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა, დანართის სახით გასაიდუმლოებულ ნაწილსაც შეიცავდეს.

მოსკოვს ჯერ არ მოუხდენია საჯარო რეაგირება კანონზე, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დეკემბერში დაამტკიცა. სოხუმმა და ცხინვალმა დაგმეს ის და განაცხადეს, რომ იარაღის მიყიდვა „აგრესიული“ ქმედებების განხორციელებისკენ საქართველოს წაქეზების ტოლფასია.