სამართალი
საქართველოსთან უთანხმოება მოგვარებულია

elbit_systems_ltdთბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. ისრაელის თავდაცვითი სისტემების მწარმოებელმა კომპანია „Elbit Systems Ltd“-მ, რომლისგანაც საქართველომ რამდენიმე წლის წინათ უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეიძინა, განაცხადა, რომ საქართველოსთან არსებულ დავის მოგვარებაზე გარიგებას მიაღწია.

აპრილში „Elbit Systems Ltd“-მ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში, რადგან 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი ვერ მიიღო ქართული მხარისაგან.

„გარიგების თანახმად, საქართველო კომპანიას გადაუხდის, დაახლოებით, 35 მლნ აშშ დოლარს და, ასევე, დაუბრუნებს მას გარკვეულ აღჭურვილობასა და სისტემებს, რომელიც კომპანიამ ადრე მიაწოდა საქართველოს, თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ“, – განაცხადა „Elbit Systems“ -მ თავის ვებგვერდზე 29 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ეს საკითხი მოგვარდა მისთვის ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე.

როგორც ცნობილია, საქართველომ კომპანიისგან „Hermes-450“ ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეისყიდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილში განაცხადა, საქართველოს ამ სახის, დაახლოებით, 40 საფრენი აპარატი ჰქონდა. მათგან, სულ ცოტა, სამი (თუმცა, აფხაზური მხარის მტკიცებით, სულ შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.