თბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. გაზეთი „კვირის პალიტრა“ გასულ კვირას წერდა, რომ ხელოვნების მსახურთათვის „ნაცკავკასიური წრე“ თანდათან ვიწროვდება, სადაც ნეიტრალურად განწყობილი აპოლიტიკური ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება. ეს პროცესი კულტურის მინისტრ ნიკა რურუას განცხადებამ უფრო გაამძაფრა. ხელისუფლების „ნაციონალური პათოსი“ ხელოვანთა ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. მათ შორის ნანი ბრეგვაძეც აღმოჩნდა, რაც, ალბათ, მის პრინციპებს უნდა მივაწეროთ, ვიდრე პოლიტიკას. ის, რომ „ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მტერია“, ქალბატონმა ნანიმ ვერაფრით დაიჯერა. როგორ შეხვდა ახალ 2012 წელს, რატომ განაცხადა უარი საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე და რას ფიქრობს ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, ნანი ბრეგვაძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
„არის კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც არ მინდა. ჩემთვის 2012 წელი გამორჩეულია იმით, რომ ახალ წელს პირველად ქუჩაში არ შევხვდი. ეს დღე შინ, შვილიშვილებთან ერთად გავატარე. მოკლედ, არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიმიღია, ჩემი შვილის, ეკა მამალაძისგან განსხვავებით, რომელსაც ახალი წლის ღამეს ქუთაისში წასვლა მოუხდა. მქონდა პატარა მიზეზი, რომლის გამოც თავი შევიკავე (დაზუსტება არ ისურვა. – ავტ.)“, - აცხადებს ინტერვიუში ბრეგვაძე.რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მომღერალი აღნიშნავს, რომ უფლება არ აქვს, ცუდი თქვას ადამიანზე, რომელიც თავს ევლება ხელოვან ხალხს.
„მახსოვს, როცა შვილიშვილთან ერთად მოსკოვში ვცხოვრობდი, ვარსკვლავი გამიხსნეს და ამ ცერემონიალის წინ გავიცანი ბატონი ბიძინა. ჩემი უსაყვარლესი „ქართული ხმების“ ბიჭებიც ესწრებოდნენ იმ ღონისძიებას. ბიძინა ივანიშვილი თვითონ მოვიდა, დაგველაპარაკა. ამ შეხვედრიდან ძალიან მალე გავიგე, რომ ფინანსური დახმარება დამინიშნა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ამ ადამიანის. ეს კაცი არა მარტო მე, არამედ ყველას დაუდგა გვერდში. სხვები ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ. ამ ხნის განმავლობაში თეატრის მსახიობებს ის ეხმარებოდა და მგონი, ყველა მადლიერი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არავისგან არაფერი მოუთხოვია სანაცვლოდ! ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება. მან ადამიანებს სიცოცხლის რწმენა დაუბრუნა და დაფასება აგრძნობინა. ამ აზრს ბიძინა ივანიშვილზე ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს. არავის აქვს უფლება, გვიკარნახოს, როგორ მოვექცეთ იმ ადამიანს, რომელიც თავს გვევლება. ბავშვები ხომ არა ვართ, რომ დაგვტუქსონ, ასე უნდა მოიქცე ან ისეო! თუმცა, ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის, ცალკე ვარ. თუ აზრს მკითხავენ, იმავეს ვიტყვი, რაც თქვენთან განვაცხადე! მე ნამდვილად არაფერს დავკარგავ, თუ აზრს შევიცვლი, დავკარგავ მთავარს – ადამიანობას!“, - აცხადებს მომღერალი.