საზოგადოება
მარიამ ცაცანაშვილი: „წერილები ქეთოჩას“

1234qetochaaaaმარიამ ცაცანაშვილის „წერილები ქეთოჩას“ კონკრეტული პიროვნებისათვის მიწერილი წერილებია, თუმცა ამ შემთხვევაში ქეთოჩა ტიპური სახეა დღევანდელი ახალგაზრდა თაობისა, და ამ წერილებში განხილული საკითხები აქტუალურია ყველასათვის. მათში ქალბატონი მარიამი, ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლული, საინტერესო ყურადსაღებ რჩევებს იძლევა, თუ როგორ გაუადვილდეთ ცხოვრება ახალგაზრდებს დღვანდელ გლობალურ სამყაროში.ქალბატონი მარიამის თითოეული წერილიდან სისპეტაკის, სინაზის, კაცთმოყვარების, ურთიერთმიტევების სითბო იღვრება.

საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ სწორედაც რომ დროულად და საჭიროდ ჩათვალა ამ კორესპონდენციების მკითხველისთვის გაცნობა. განვაგრძობთ მათ გამოქვეყნებას და გთავაზობთ ციკლიდან მეექვსე წერილს. 

მანანაოცნება და სინამდვილე

როცა ჩემი ქცევების ნაოცნებარი ხალხი მარტოობის გაუსაძლისი სინამდვილის ხუნდებს მადებს, შეურიგებლობის ჯანყი ისევ შენ გეძებს, ქეთოჩა. გეძებს, რომ სამყაროს ხილვის ილუზიები აგაცდინოს. და იცი, რატომ? ოცნება ხშირად ასრულდება, ილუზიები – არასდროს!

„წმინდა ნინოსა“ თუ „გრიგოლ ხანძთელის“ კლასიკამ თუ დაგამძიმოს, სხეულის სიშიშვლის ან ბილწსიტყვაობის სამწერლო ეფექტი მაღალ ინტელიგენტობად არ ჩათვალო. ეს იმათი ხვედრია, ვისაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული არ აქვს და ინდივიდუალური და მასობრივი ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია, დაუმსახურებელი თვითდამკვიდრება უნდა და ამიტომ სიკეთის მკეთებელს გოიმს ეძახის, ერთგულებას – ძაღლის თვისებას, შურსა და გაუტანლობას – ცხოვრების წესს, უნიჭობას – თავისუფლებას.

მოიცა, თავი არ მიანებო, ბოლომდე წაიკითხე, რასაც გწერ! სინამდვილეს არ გავურბივარ, ვიცი, რასაც ფიქრობ ახლა – ჩემს თაობას კონკრეტული პრობლემის კონკრეტული გამოსავალი უნდა, დანარჩენი მოიცდისო. მართალი ხარ, მაგრამ ერთის გადაჭრაც და მეორის მოძებნაც თუ ინტელიგენტს შეუძლია, როგორ მოვიცადო? ხეპრე რომ ინტელიგენტობს, იმას კი არა, მე ჯემალ ქარჩხაძის მიერ დანახულ ინტელიგენტს ვგულისხმობ, ხეპრე რომ ვერ იტანს! აბა, კარგად ჩაფიქრდი: როცა შენს გულში დიდი სიყვარული და სათნოება სუფევს, ეს ხომ ოცნება გგონია? ადამიანთა აგრესიულობის მათრახი და ლაგამი – მათი მიზნების მიღწევის სინამდვილე, არა? სწორად სვამ კითხვებს, მაგრამ მაინც მინდა, ერთი ინტელიგენტი გაგაცნო, რომლის ცხოვრება და არსებობა ამ კითხვებზე პასუხია; პასუხი იმისა, რომ ეპოქასა და ჩვენ შორის გარკვეული ნათესაობა არსებობს. ყველას ჩვენი ოცნება და სინამდვილე გვაქვს! ოცნება ყოველთვის შეიძლება სინამდვილე იყოს, სინამდვილე ვერ იქნება ყოველთვის ნაოცნებარი!!!

მოიცა, მობილური რეკავს. „შინ ბრძანდებით? სად დაგირეკოთ?“ – ამ კითხვების ავტორი სტუდენტი ან თავისი საქმით დაინტერესებული პირი არ გეგონოს. ისაა, ვისზეც გწერ.

გუშინ რთულ საქმეზე მივდიოდი, სიტყვა დამაწია – სანთელს დავანთებ და ლოცვას წაგიკითხავ, კარგად იქნება ყველაფერიო. რაიმე გაწუხებს? საუკეთესო ექიმს თვითონ მოგიყვანს ან საკუთარი ხელით დამზადებულ მალამოს ისეთი რუდუნებით მოგაწვდის, ნამდვილად გშველის; რა საკითხზეც უნდა მუშაობდე, საკუთარ ჩანაწერებს მოგართმევს. გაოგნებული რჩები, ზუსტად ეს გჭირდებოდა.                                                                                                                                                           რა ეშველება ახლა ამ საქმეს? – იტყვის ქვეყნის ბედითა და შენი პრობლემით გულდამწუხრებული, რომლის ერთადერთი სალანძღავი ფრაზაა „რას ჰგავს ეხლა ეს?“ და წამიერი დუმილის შემდეგ გულანთებული დააყოლებს: ერთ კარგ ადამიანს შეგახვედრებ... თვლის, რომ ასეთი კარგი ადამიანი ბევრი ჰყავს გარშემო. თუ სიმართლის დადგენაში ჩართვა დააპირა, იმდენ არგუმენტს მოძებნის და იმდენხანს იბრძოლებს შენთან ერთად, რომ ოპონენტს ათქმევინებს – ნეტა ერთხელ გაველანძღე, ხომ სჯობდაო... ნეტა მიწა გამსკდომოდა, ხომ მერჩიაო. ადამიანთა ასეთ დუღილს საკუთარი თავიდან უყურებს და გამარჯვებული, დედოფლის სამოსის მატარებლის იერით წინ არასდროს დაგიდგება. მოძღვართან მორჩილია და ზნეობასთან – მოძღვარი. ვუყურებ და ვფიქრობ: რატომ ტირიან მისი ლექციების შემდეგ სტუდენტები? მათი ნაშრომების გასწორებით ღამედათენებულს დილით შენთვის გარჯა კიდევ როგორ შეუძლია? მრავალი დაავადებისა და ტკივილის მატარებელი ასე ქარივით როგორ დაქრის? რა მსუბუქი ყოფილა ოცნებით დანახული სინამდვილე და სინამდვილით ნაკეთები ოცნება?!.

ეს ჩემი ილუზია არ არის.იცნობდე, ეს მანანაა, ნამდვილი ინტელიგენტი. ძალიან მინდა, ქეთოჩა, შენ გვერდითაც იყვნენ ასეთი მანანები.