ძვირფასო მკითხველებო! თქვენ წინაშეა არა კაზიმირ მალევიჩის ცნობილი ტილო „შავი კვადრატი“, არამედ მიხეილ სააკაშვილის „შავი კვადრატი“, რომელიც მან ახალი წლის ღამეს აჩუქა თბილისელებს – დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონის მკვიდრთ. დიახ, საახალწლო სუფრის ნაცვლად სწორედაც შავი კვადრატი იხილეს ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებთ, რადგან 2012 წლის დამდეგს – 31 დეკემბერს, 21.00 საათზე – მათ დენი გამოურთეს...
1 იანვარს კი, დილაუთენია, 04.00-ზე, სინათლე ჩართეს და ყველა მყისვე ტელევიზორებს მიაწყდა რუსი ჯაშუშების მიერ განხორციელებული მორიგი დივერსიის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადების ან, სულ ცოტა, შს მინისტრის ბრიფინგის მოლოდინში ივანიშვილის რუსული ფულით მოწყობილ საბოტაჟთან დაკავშირებით.
თუმცა, მსგავსი რომ ვერაფერი მოისმინა, საქინფორმის კორესპონდენტმა ქალაქის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ საცნობაროში დარეკა (ნომერზე 22552), სადაც აუწყეს, რომ „დენი კაბელის დაზიანების გამო იყო გამორთული“.ეს – ოფიციალური ვერსიაა, რეალური კი – მარჯანიშვილის მოედანზე გრანდიოზული შოუ-კონცერტი გახლავთ, რომელმაც აღმაშენებლის გამზირის (ყოფილი პლეხანოვის) მცხოვრებთ ახალი წლის ღამემდეც ბევრი სატანჯველი მოუტანა...
საქმე ის არის, რომ კონცერტის რეპეტიციები 1000-ვატიანი დინამიკებით გაძლიერებული ფონოგრამის თანხლებით მიმდინარეობდა, მდარე დისკოს რიტმებმა, ველურ ტომთა ტამტამების ცემას რომ ჰგავდა, ახლომდებარე სახლებში ცხოვრება გაუსაძლისი გახადა – რეპეტიციების დროს ბევრი მეგობრებსა და ნათესავებთან აფარებდა თავს...
ახალი წლის ღამეს კი ქალაქის მესვეურებმა, იცოდნენ რა, რომ ელექტროკაბელებს შესაძლოა ხმის გამაძლიერებელი აპარატურის, სცენის გასანათებელი უამრავი პროჟექტორის და გამზირის სადღესასწაულო ილუმინაციის დატვირთვისთვის ვერ გაეძლო, ყოველი შემთხვევისათვის, თვითონ გამორთეს დენი მიმდებარე ჩუღურეთის რაიონის სახლებსა და ქუჩებში, რათა კონცერტი მშვიდად ჩაეტარებინათ.
„შეუძლებელია! – შესძახებს მკითხველი, – ასე მოექცე საკუთარ მოქალაქეებს?!“ მომიტევეთ, მაგრამ როგორ მოექცა ხელისუფლება თავის მოქალაქეებს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 31 დეკემბრამდე დიდი ხნით ადრე გადაკეტა?! დედაქალაქის ამ ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ხომ ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლამდე მისაღწევად მთელი გამზირის ფეხით გავლა არ შეუძლია!
ან ფიქრობდა კი ხელისუფლება აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებზე, როდესაც ზაფხულში სახლების ფასადებს არემონტებდა – რა გაუსაძლის პირობებში გაატარეს მათ გასული ზაფხული, როგორ ყლაპეს სამშენებლო მტვერი და სიცხისაგან გაითანგნენ, რადგან გამზირზე ასობით 40-წლოვანი საღსალამათი მაგნოლია მოჭრეს?!
ანდა თუ აინტერესებს ხელისუფლებას უმუშევარი თბილისელების დიდი უმრავლესობის აზრი, როდესაც დაუსრულებელი შოუებისთვის მილიონებს ხარჯავს?!
კონცერტი, როგორც წინასაარჩევნო პიარი – გასაგებია, მაგრამ ჩვენს სახლებში დენის გამორთვით ხელისუფლება მთავარ ამოცანას ასრულებდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ებრძვის ყოველივე ეროვნულს, ვაშინგტონის რეკომენდაციების თანახმად გამუდმებით ცდილობს ქართული ტრადიციების დამსხვრევას და თაობათა კავშირის გაწყვეტას. ამისათვის ყოველ დღესასწაულზე ქუჩებში მდარე ხარისხის შოუები ეწყობა, რათა მოზარდები და ახალგაზრდები ამ დღესასწაულებს დედებთან და მამებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად, ოჯახურ წრეში, მშობლიურ კერაზე არ შეხვდნენ. ამჯერადაც ასე მოხდა – მარჯანიშვილის მოედანზე კონცერტი გამართეს, და ახალი წლის ღამეს ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა რომ გამოერეკათ, სახლებში შუქი გამორთეს, ხოლო როგორც კი კონცერტი დამთავრდა – ჩართეს!..
რა შეიძლება ზემოთქმულს დავამატოთ? რომ სახლებში დარჩენილი თბილისელები, რომლებიც მათხოვრულ პენსიებზე ცხოვრობენ და ბევრ რამეს იკლებდნენ, რომ საახალწლო სუფრა როგორმე გაამრავალფეროვნონ, ახალ წელს მარტოები, სიბნელეში ისხდნენ, საყვარელი შვილებისა და შვილიშვილების გარეშე, და სიმწრის ცრემლებს ყლაპავდნენ: აბა, ხომ არ აიძულებდნენ ბავშვებს, მათთან ერთად ბნელ სახლებში დარჩენილიყვნენ?!
რომ ახალი წლის ღამის შავ კვადრატს ჩინური სალუტებისა და ფოიერვერკების გრუხუნი სერავდა, წინასაახალწლო დღეებში მრავალი ბავშვი რომ დაასახიჩრა, მაგრამ ხელისუფლებამ მათი გაყიდვა მაინც არ აკრძალა, რადგან, როგორც ამბობენ, ამ სასიკვდილოდ საშიში საქონლის შემოტანაზე მონოპოლიას ერთ-ერთი განსაკუთრებით დაახლოებული ბიზნესმენი ფლობს, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ დაფინანსებაში სოლიდური წვლილი შეიტანა...
რომ დილამდე მოედნისგან მოშორებითაც კი დაძინება შეუძლებელი იყო: „ბუმ-ბუმ-ბუმ!“ – ნაციონალების ტამტამები პირდაპირ გაშიშვლებულ ნერვებზე ურტყამდა ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეში პირველად შეხვდნენ ახალ წელს სიბნელეში...
2012 წლის 1 იანვრის ღამის შავმა კვადრატმა ამ სტრიქონების ავტორს 2008 წლის 8 აგვისტოს ღამის შავი კვადრატი გაახსენა, რომელიც ჩინურმა სათამაშო სალუტმა კი არა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ რაკეტებმა გაარღვია...
და კიდევ – ახლახან წარსულად ქცეული 2011 წლის 31 დეკემბერი, როდესაც ავღანეთის ღამის შავ კვადრატში ახალი წლის დამდეგს მე-11 ქართველი ჯარისკაცი – მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპა.
კიდევ ვის გაუმზადა „შავი ნიშანი“ ჩვენმა ხელისუფლებამ? ამ ახალ წელს რომელი ჩვენგანი მიიღებს საჩუქრად მიხეილ სააკაშვილის „შავ კვადრატს“?! ეს არავინ უწყის, მაგრამ ჩვენთვის დღევანდელი დილა მაინც გათენდა, კაპრალი ნინიაშვილისათვის კი აღარასოდეს გათენდება...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი