სამართალი
„საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიულ აქტში რედაქციული ცვლილებების შეტანის უფლება მიეცა

macne-sakanonmdebloთბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომელიც 2011 წლის 29 დეკემბერს საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი კანონის შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კანონპროექტმა ექსპერტიზა ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოში გაირა“, თუმცა ცვლილებების მიღებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორში, ასევე, დიპკორპუსის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, რადგან კანონში შეტანილი ცვლილებები მას უკუძალას ანიჭებდა. ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ 2011 წლის 30 დეკემბერს დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდა კიდეც, თუმცა რამდენიმე საათში შეიცვალა და ეს ფაქტიც,თავისთავად, გახდა კრიტიკის საგანი.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ „საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიულ აქტში რედაქციული ცვლილებების შეტანის უფლება მიეცა. კანონის შემთხვევაში, რომელიც სწორედ ნორმატიული აქტის სახეა, აქამდე ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანას პარლამენტის თანხმობა სჭირდებოდა. „საკანონმდებლო მაცნესთვის“ ნორმატიულ აქტში რედაქციული ცვლილებების შეტანის უფლება კი „ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში აისახა, რომლის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე უფლებამოსილი გახდა, განახორციელოს ნორმატიულ აქტში რედაქციული სახის შეცდომის გასწორება, რაც გულისხმობს ტექსტში ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომის ან შეცდომების გასწორებას, რითაც არ შეიცვლება ნორმატიული აქტის შინაარსი.

აღნიშნული ცვლილება 2011 წლის 29 დეკემბერს შევიდა ძალაში.