საზოგადოება
თემურ შაშიაშვილი: „ილუზიები – წარსულში, იმედი – მომავალში“

shashiashvili_temur2(ფიქრები სადისკუსიოდ წინასაახალწლოდ)

მე რომ მკითხოს კაცმა, გასული წლის ყველაზე დიდი უბედურება რა იყოო, ვუპასუხებ: ილუზია, ილუზიებით და ილუზიებში ცხოვრება!

ილუზიებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ხელისუფლება – თითქოს ქვეყანას ღირებული სიკეთე მოუტანა;

ილუზიებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ოპოზიციის დიდი ნაწილი – რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეიძლება, რომ არსებული საარჩევნო კანონით შეიძლება სამართლიანი არჩევნების ჩატარება;

ილუზიებით ცხოვრობს ხალხი – რომელიც მადლიერია ხელისუფლებისა ილუზორული ქვეყნის მშენებლობისათვის, რომელიც თანაუგრძნობს იმ განწყობას, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობით შეიძლება სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ილუზიებში და ილუზიებით ცხოვრების დამთავრება შეუძლია ხალხს, და მხოლოდ ხალხს. საქართველოს მომავალი არის რეალურ პოლიტიკაში. ფიქრი, რომ ეს ხელისუფლება თავად შეცვლის სიტუაციას, არის დიდი შეცდომა და მტრობა ქვეყნის წინაშე. ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა, საქართველოს ყველა მეგობარმა უნდა ირწმუნოს, რომ დემოკრატიული არჩევნები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუძლებელია მოქმედი საარჩევნო კანონით.

ქართველმა ხალხმა და საქართველოს მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური და ელიტარული კორუფცია აიყვანა ზენიტში, შექმნა რა ზეცენტრალიზებული კორუფციული სისტემა, გვესაუბრება გზების მშენებლობის სიკეთეზე და პატიოსან პატრულზე, რითაც ქმნის ილუზორულ წარმოდგენას ქვეყანაზე; რომ ის ყოველგვარ უკანონობაზე წავა, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება.

პირდაპირ ვთქვათ, ხელისუფლება ქვეყნისთვის – ცუდად, თავისთვის სწორად იქცევა, როცა უარს ამბობს დემოკრატიულ საარჩევნო კანონზე და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე, ვინაიდან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში მას ელოდება არა უბრალოდ პოლიტიკური არენიდან წასვლა, არამედ თავისუფლების აღკვეთა იმ პოლიტიკური და ეკონომიკური დანაშაულისათვის, რომელსაც ჩადის სისტემატურად, ღიად, ურცხვად... ელიტარული კორუფციის, 7 ნოემბრის, 8 აგვისტოს, 26 მაისის ავტორმა ხელისუფლებამ იცის, რაც ელოდება.

ჯერჯერობით ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი თვლის, რომ გაყალბების პატიება არ შეიძლება. დიდი ნაწილი თვლის, რომ მაშინაც კი, თუ არჩევნები გაყალბდება, ხელს ჩამოართმევს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და პარლამენტის თბილ სავარძელში მოკალათებული ოპონირებას გაუწევს სახელისუფლო გუნდს. ოპოზიცია, რომელიც გაყალბებას პატიობს ხელისუფლებას, სიმშვიდეს ანიჭებს და შვებას ჰგვრის მას, რაც ბოროტების ტოლფასია. პოლიტიკოსი, რომელიც თავს ოპოზიციონერად თვლის და ილუზიებით ცხოვრობს, აძლიერებს ხელისუფლებას.

ჩვენ, „თეთრები“, იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად ვართ, რომლებიც თვლიან: რომ ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება; რომ არსებული კანონით დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება; რომ არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება.

ჩვენ, „თეთრები“, იმ ხალხთან და პოლიტიკოსებთან ერთად ვართ, რომლებიც თვლიან: რომ ვიდრე საარჩევნო პულტთან დგას ეს ხელისუფლება, სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია; რომ ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად რჩება ერთადერთი ინსტრუმენტი – გაყალბება; რომ ის, რასაც მავანმა რევოლუციის მოხდენის მცდელობა უწოდა, გახლდათ სრულიად სამართლიანი პროცესი: არჩევნების არჩევნებამდე მოგება. ამ პროცესს ახლო მომავალში თუ არ მიეცა უწყვეტი და შეუქცევადი ხასიათი, სამართლიან არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტია.

ჩვენ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან ვართ, რომლებიც თვლიან, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს საქართველოში განახლებული ეროვნული მოძრაობის დროა.

ჩვენ, „თეთრები“, უდიდეს იმედს ვამყარებთ საზოგადოების მხარდაჭერაზე, რომელიც დაიცავს საკუთარ პატივს, ღირსებას, პოლიტიკურ უფლებებს. იმედი გვაქვს საქართველოს მეგობრების, რომლებიც რეალურად და არადეკლარირებულად მხარს დაუჭერენ საქართველოს ხალხს და არა ამჟამინდელ დანაშაულებრივ მმართველ კლანს.

ჩვენ, „თეთრებს“, გვწამს, რომ ახალი წლის შემობრძანება საქართველოში არის წარსულისათვის თვალის გადავლების, შეფასების, განვლილი წლისათვის მადლობის თქმის და ახლის დალოცვის, დაგეგმვის, ოცნებათა შესრულების იმედის პერიოდი.

იმედი – რეალობაა, მხოლოდ მომავალში მოსახდენი.

რეალური იმედი, განმტკიცებული ზუსტი გაანგარიშებით – შესასრულებელი საქმის ნახევარია.

რეალური იმედის განხორციელება – დასახული ამოცანის სრულად შესრულებაა.

საქართველოს ხალხი: ილუზიებიდან – რეალური იმედისაკენ! – აი „თეთრების“ წინასაახალწლო სურვილი!

ჩვენ ღრმად გვწამს და ყველას ვთავაზობთ თემებს დაფიქრებისა და დისკუსიისათვის, რომლებსაც კვლავ დავუბრუნდებით:

ილუზია ანგრევს, ოცნება აშენებს; ილუზია წარსულში ჩარჩენაა, ოცნება მომავალია მოქმედებაში; ილუზია კლავს პოლიტიკურ პროცესს, ოცნება აჩქარებს გარდაუვალ პროცესებს; ილუზია სოციალური დემაგოგიის საყრდენია, ის შიშს აძლიერებს, თავისუფლებას ებრძვის; ილუზიის დამკვიდრება ხელისუფლებისათვის არის ხალხზე გაბატონების, ხალხის ჩაგვრის და სკამის შენარჩუნების გახანგრძლივების მექანიზმი; ტრაგედია იქნება ილუზიის და ოცნების ერთმანეთში აღრევა და არევა, რის ნიშნებიც რელიეფურად იკვეთება.

ოცნება და იმედი – ეს არის გზა თავისუფლებისაკენ, ნიჭის ზეობისაკენ, ქვეყნის სიძლიერისაკენ; ოცნება ჩვენ აგვაშენებინებს სახელმწიფოს, სადაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას წარმართავს ინტელექტი და ზნეობა.

ეს იქნება ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა – ანუ საქართველო გაბრწყინდება.