აქტუალური
„განახლებული საქართველოსთვის“ თანამემამულეებისადმი საახალწლო მიმართვას ავრცელებს

nana-guluaaaaთბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, პარტია თანამემამულეებისადმი საშობაო და საახალწლო მიმართვას ავრცელებს, რომლიც ტექსტსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

„ძვირფასო თანამემამულენო, ქართველნო და საქართველოში მცხოვრებნო არაქართველნო!

ისტორიამ მიითვალა 2011 წელი. წელი, რომელიც კიდევ ერთი უმძიმესი გამოცდა იყო საქართველოსთვის. წელი, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლება – საჭიროა ერთ მუშტად შეკვრა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინა პლანზე წამოწევა. სწორედ ამ აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ახალი სუბიექტის – პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ – საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრება.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც თვლის, რომ ხალხს მხოლოდ „პური და სანახაობა“ სჭირდება, მიგვაჩნია: ასეთი მიდგომა სპობს იმ ფასეულობებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოატარეს ჩვენმა ღირსეულმა წინაპრებმა და რომლის ნიველირება საფრთხეს უქმნის თვით ქართველი ერის იდენტურობას. ვიყოთ გულწრფელნი: სანახაობა ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პურს, იგი ათეულათასობით თანამემამულისთვის ნამდვილად სანატრელი გახდა. თუ ობიექტურად განვსჯით, არ შეიძლება ამ უბედურების სათავე მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაში (იგულისხმება ხელისუფლება) ვეძებოთ –სამწუხაროდ, ვერ შევძელით ცივილიზებულ საზოგადოებად ჩამოყალიბება და სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირება – ასე გვგონია, ჩვენს გასაკეთებელს „კეთილი ძიები“ გააკეთებენ. სწორედ ინერტულობამ, გულგრილობამ, შურმა და გაუტანლობამ და, რაც ყველაზე მთავარია, მომავლისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ მიგვიყვანა აქამდე.

რა ვქნათ? რაღაც უნდა შევცვალოთ. სწორედ ეს „რაღაც“ არის ის ქვითკირი, რითაც უნდა აშენდეს საქართველოს ნათელი მომავალი.

თანამემამულენო, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება პირადი ამბიციების განზე გადადება და გაერთიანება. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ საქართველოში ამ ბოლო ხანებში დამკვიდრებულ იმ სტერეოტიპებზე, რომელიც ხელს უშლის ეროვნული თანხმობის მიღწევას და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

როგორც წესი, ახალ წელს ახალი იმედებით და სურვილებით ხვდებიან. სამწუხაროდ, სულ სხვაა რეალური და ფერადი სათვალეებიდან დანახული საქართველო. როგორც წმინდა ილია მართალი იტყოდა, „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“?!

ახალი, 2012 წელი კიდევ ერთი სერიოზული გამოცდაა ჩვენი ქვეყნისათვის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის საზოგადოება მზად ახალი არჩევანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ერთპარტიული დიქტატის დაკანონებას მოაწერა ხელი (ვგულისხმობთ ცვლილებებს საქართველოს კანონში „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“), მტკიცედ გვწამს, რომ საზოგადოების ნებას ბევრი რამ შეუძლია შეცვალოს! ახლა კინკლაობის და პოლიტიკური ინტრიგების დრო არ არის – ჩვენ გვაქვს ურთულესი ამოცანა, რომელიც ცივი გონებით და წრფელი გულით უნდა გადავწყვიტოთ.

ჩვენი სურვილი ცალსახაა – თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის უკეთესი მომავლის ფორმირებაში, განახლებული, გაერთიანებული საქართველოს ფორმირებაში.

გულწრფელად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ახალი იმედებისა და ჯანსაღი სურვილების ახდენას გისურვებთ.

შეეწიოს უფალი სრულიად საქართველოს!

ამინ!“