აქტუალური
შაშკინმა 2011 წლის შედეგები შეაჯამა

11shashkiniთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებთან 2011 წლის შედეგები შეაჯამა. მინისტრის განმარტებით, 2011 წელს სამინისტრო პროექტებს 42 მიმართულებით ახორციელებდა; ყველა დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და  2012 წელს მათ ხუთი ახალი პროექტი დაემატება.

„სამინისტრომ 2011 წლის დასაწყისში მიცემული დაპირება შეასრულა და ყველა  დაწყებული პროექტი წარმატებით განახორციელა. გასულ წელს დაიწყო და ახალი წლიდან გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება,  რამდენიმე რაიონში უკვე გაიხსნა და მომავალ წელს ყველა რაიონში გაიხსნება ქართული ენის სახლები“, – განაცხადა შაშკინმა.

მისივე თქმით, საგრძნობლად გაიზარდა და მომავალშიც  გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა.

მინისტრმა საატესტატო გამოცდების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2011 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნის მაღალი დონე აჩვენა.

შაშკინი უსაფრთხო სკოლის კონცეფციასაც შეეხო და მანდატურის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა.