საზოგადოება
ცაგარელი: „2012 ცვლილებების წელი იქნება მთავრობასა და ოჯახებში“

cagareli-mixeiliiთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 2012 წელს დედამიწას განადგურება არ ემუქრება, ხოლო საქართველოში რადიკალური ცვლილებების პერიოდი იქნება. დედამიწას მოუახლოვდება ასტეროიდები და კომეტები, თუმცა არცერთი მათგანი მას არ დაეჯახება.

„არავითარი განადგურება არ იქნება 2012 წელს. ეს არის, უბრალოდ, ცნობიერების ახალ დონეზე ასვლის პერიოდი. სამყარო გადადის განვითარების ახალ დონეზე. სამყაროს აქვს განვითარების ეტაპები. ახლა მოვიდა ახალი ეტაპი – მეექვსე მზე, როგორც მაიას ტომები უწოდებდნენ მას. ეს გადასვლა ახალ ეტაპზე ცხოვრებისა, ჰგავს ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელიც თინეიჯერულ ასაკშია და აქვს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები. ამ მდგომარეობაშია დედამიწა, რაც იწვევს მეტ ეკოლოგიურ და ტექნიკურ კატაკლიზმებს, უფრო მეტად დაძაბულობას დედამიწაზე. ეს არის ე.წ. აპოკალიფსური პერიოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს დედამიწის განადგურებას. ეს პერიოდი იწვევს გეომატიკურ შეცვლას პოლუსებისას, ასევე, ასტეროიდების და კომეტების მოახლოებას დედამიწასთან, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაეჯახება მას“, – განაცხადა ცაგარელმა „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბრისას.

მისი თქმით, 2012 წელი საქართველოში იქნება რადიკალური ცვლილებების პერიოდი, სამთავრობო ცვლილებებიდან დაწყებული, ოჯახებით დამთავრებული.
„საქართველოში რეფორმატული ცვლილებების წელიწადი იქნება. ყველა, ვინც უსამართლოდ იქცევა, დატოვებს თავის თანამდებობას. საქართველოში შიდა დაძაბულობა იქნება. საპარლამენტო არჩევნები გვაქვს. 93-94 წლებში დაშვებულ შეცდომებზე სწორედ ახლა ვაგებთ პასუხს. იმ დროს დაშვებული შეცდომები ქმნის პრობლემას საქართველოში ყველა დონეზე. იმ პრობლემების და იმ შეცდომების გამოსყიდვის წინაშე დგას საქართველო სწორედ ახლა“, – აღნიშნა ასტროლოგმა.

ცაგარელი არ ეთანხმება რუს ასტროლოგ პაველ გლობას, რომელიც ამბობს, რომ მომდევნო 2012 წელი საქართველოსათვის დაძაბული იქნება, ვინაიდან მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს – მსოფლიოს სავარაუდო განადგურების დღესაა დაბადებული.

„მე ვერ დავეთანხმები გლობას. მომავალი წელიწადი მძიმე იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც. ასევე, მძიმე იქნება იგი მთელი მსოფლიოსთვის. ის, რომ პრეზიდენტს მიაბა საქართველოს პრობლემა, არ არის სწორი პოზიცია. 2012 წელი იქნება მსოფლიოს ფინანსური კრიზისის, უამრავი ეკოლოგიური კატასტროფის წელი. ჩვენ ვხედავთ, როგორ დუღს რუსეთი. დაიძაბება მსოფლიოში სიტუაცია, რადგან საკონფლიქტო პერიოდია. ვხედავთ, რა დღეში არიან საფრანგეთი და თურქეთი, ასევე, მწვავეა სიტუაცია ირანთან, აშშ-სა და ისრაელთან მიმართებაში“, – აკეთებს პროგნოზს ქართველი ასტროლოგი.