სამართალი
ნახევარ დღეში შეცვლილი კანონი...

parlamentXთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომელიც ორი დღის წინათ საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი კანონის შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კანონპროექტმა ექსპერტიზა ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოში გაირა“, თუმცა ცვლილებების მიღებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორში, ასევე, დიპკორპუსის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, რადგან კანონში შეტანილი ცვლილებები მას უკუძალას ანიჭებდა. ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გუშინ დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდა კიდეც, თუმცა რამდენიმე საათში შეიცვალა.

აშშ-ის საელჩოს მხრიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელშიც უწყება იმაზე საუბრობდა, რომ „კანონის ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა პავლე კუბლაშვილმა და აკაკი მინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ აშშ-ის საელჩო „შეცდომაში  იქნა შეყვანილი“, რადგან კანონს უკუძალა არ აქვს.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ და „მაცნეში“ გამოქვეყნებულ კანონის პირვანდელ ვარიანტში ვკითხულობდით: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“. თუმცა რამდენიმე საათში სიტყვა „ამ“ ტექსტში აღარ იყო, რაც  ამ მუხლის არსს მთლიანად ცვლის.

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონის საბოლოო ვარიანტში აღნიშნულია: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ  კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან, აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.