პოლიტიკა
ივანიშვილი: „სააკაშვილი აგონიაშია... მოსახდენი დროულად და კანონიერად მოხდება“

123ivanaთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციებისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, იმის მაჩვენებელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა აგონიაშია“.

„ვგულისხმობ იმას, რომ ის აგონია და ის აპათეა, რომელშიც იმყოფება დღეს  პრეზიდენტი, ჩვენი ხელისუფალი, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ამის სამტკიცია, რაც მიიღეს დღეს, რომ შექმნეს პრეცედენტი მსოფლიოში, რომ კანონს მისცეს უკუქმედების საშუალება. მსგავსი ქმედებებით სააკაშვილი იმ პროცესს ვერ შეაჩერებს, რისთვისაც მოწოდებულია საქართველოს მოსახლეობა – თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ის, რომ ხელისუფლებას დღეს სურს, მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს და შიშისა და სიცრუის მეშვეობით შეინარჩუნოს ხელისუფლება, არ მოხდება“.

„როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს პრეზიდენტი, ისე ვერ შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას. მოხდება მოსახდენი დროულად და კანონიერად“, – დასძინა ბიზნესმენმა.