აქტუალური
ივანიშვილი: „ფორუმთან ვსაუბრობთ, ბურჯანაძესთან – მძიმე სიტუაციაა“

bidziinთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ეროვნულ ფორუმთან“ თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც ბიზნესმენმა საფრანგეთის საელჩოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით სწორი არჩევანი გააკეთა. „ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები „ფორუმთან“. თანამშრომლობის ფორმები მომავალში გაირკვევა. მე, პირადად, ორჯერ შევხვდი კახა შარტავას. მოლაპარაკებები გრძელდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნესმენმა კომენტარი პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებითაც გააკეთა და თანამშრომლობის კუთხით „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულ ვითარებას გაუსვა ხაზი. „ბურჯანაძესთან სიტუაცია განსხვავებული და მძიმეა. ჩვენ პოზიციებში დიდი განსხვავება გვაქვს, თუმცა, ზოგადად, როცა თანამშრომლობაზე ვსაუბრობ, ვასახელებ მთავრობის იმ მთავარ იდეოლოგებსაც, რომელთანაც ვითანამშრომლებ, თუ ისინი პოზიციებს მკვეთრად შეიცვლიან. თუმცა წარსულზე განმარტებები ყველას მოეთხოვება“, – დასძინა ივანიშვილმა.