თბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ სტუქტურებს მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართავს.
„მე ჩავაბარე რუსეთის მოქალაქეობა. ახლა ვიწყებ მეორე პროცედურას. დღეს ოფიციალურად დავწერე განაცხადი და უარს ვამბობ საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ევროპის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. განცხადების შემდეგ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მე არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ აქ, და არავითარი საფუძველი არ აქვთ, უარი მითხრან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდება, როდის მომანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას და შემდეგ ჩამომართმევს საფრანგეთის მოქალაქეობას“, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ივანიშვილს მხოლოდ სამ შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას მოქალაქეობის მინიჭებაზე – თუ ის აღიარებულ იქნა ტერორისტად, ძებნილად ან საზოგადოებისთვის საფრთხის მომტან პირად.