თბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ „მოქალაქეთა პოლიტიური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პროტესტს გამოთქვამს და ახალ კანონს არაკონსტიტუციურს უწოდებს.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო დასტური იმისა, თუ როგორ ახშობს ნეობოლშევიკური ხელისუფლება ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, ეს ქართველი ერის კიდევ ერთი დამამცირებელი ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეაშფოთებს ცივილიზებულ სამყაროს და ერთხელ და სამუდამოდ დაარწმუნებს ყველას, რომ ხელისუფლება ცდილობს, საქართველო ჩამოაყალიბოს „ცხოველების ფერმად“.„საქართველოს გზა“ უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას და დაუყოვნებლივ მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტისაგან, ვეტო დაადოს კანონს, რომლის მიღებითაც დაირღვა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ისე კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, კერძო საკუთრების უფლება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ცვლილება, რაზეც საელჩოებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ უნდა დააფიქსირონ თავისი შეურიგებელი პოზიცია ამ უკანონობის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.