თბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიების დაფინანსების ახალ გამკაცრებულ წესებს „არაკონსტიტუციურს“ უწოდებენ და პრეზიდენტს მიმართავენ, ვეტო დაადოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
მიმართვის ავტორები არიან „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ცოტა ხნის წინ შექმნილი კოალიცია „არჩევანის თავისუფლება“ და ფონდი – „ღია საზოგადოება – საქართველო“.
ცვლილებების თანახმად, კანონს, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსებას კრძალავს, უკუქმედების ძალა მიენიჭა. კერძოდ, პარტიები ვალდებულნი ხდებიან, კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის მესაკუთრე სახელმწიფო გახდება.„მიღებული კანონი კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით პასუხისმგებლობას ადგენს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროისთვის სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“, – ნათქვამია მიმართვაში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ მიღებული კანონის რიგი დებულებები თავისი არსით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, აცხადებენ, რომ მათთვის სრულიად მიუღებელია სისხლის სამართლის კოდექსში 28 დეკემბერს დამტკიცებული ცვლილებები, რომელიც „არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ან მათგან მსგავს მომსახურებას მიიღებენ“.
„არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი და ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს“, – ნათქვამია მიმართვაში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს თაობაზე მათ თხოვნას არ დააკმაყოფილებს, მათ ამ საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება მოუწევთ.