სამართალი
არველაძე იმედოვნებს, რომ სააკაშვილი საახალწლოდ დემეტრაძეს გაათავისუფლებს

arveladzee12თბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ფეხბურთელი შოთა არველაძე გაზეთ „ლელოსთან“ ინტერვიუში იმედოვნებს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფეხბურთო სამყაროს საახალწლო საჩუქარს გაუკეთებს, რაც მას შეუძლია, თუ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის დამსახურებასა და საფეხბურთო ოჯახის თხოვნას გაითვალისწინებს.

„არსებობს წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე და ამ წერილს საფეხბურთო სამყაროს საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს. სამწუხაროდ, ჯერ არ არის გათვალისწინებული დემეტრაძის დამსახურება და საფეხბურთო სამყაროს ეს თხოვნა… სასაცილოა ეს ყველაფერი – კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება ტრუსებში დარბის, რა საქმე უნდა ჰქონდეს ქურდულ სამყაროსთან?!“, – აცხადებს არველაძე.

ინტერვიუში ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან კახი კალაძის წასვლასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „სპორტი ისეთი რამეა, წასვლაზე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღო, ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა დაგიგვიანდეს – სპორტმა პატიება არ იცის… კალაძისთვის ეს ძნელად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა მიმაჩნია, რომ მან ამჯერადაც თავაწეულმა დატოვა მოედანი“, – აღნიშნავს არველაძე.