აქტუალური
ზუგდიდის ახალ ბიუჯეტში ხელისუფლების შენახვის ხარჯები იზრდება

11zugdidis-biujetiზუგდიდი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის 20-მილიონიანი ბიუჯეტი ქალაქის საკრებულომ გუშინ, საღამოს, დაამტკიცა. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში გამგეობის აპარატის დაფინანსება 212 ათასი ლარითაა გაზრდილი და სულ 2,2 მილიონ ლარს შეადგენს.  საარჩევნო წელს გამგეობას გაეზარდა  საწვავისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობაც.

გამგეობის მსგავსად, გაზრდილია ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. ბიუჯეტის ეს მუხლი 27 ათასი ლარით აღემატება შარშანდელს და 310 ათას ლარს შეადგენს.

მომავალი საარჩევნო წლის ბიუჯეტში 60 ათასით, ანუ 40%-ით იზრდება სარეზერვო ფონდი.

ბიუჯეტის პროექტში 285 ათასი ლარითაა გაზრდილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, ხოლო 172 ათასი ლარით იზრდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები. ზუგდიდის უფასო სასადილოსთვის ახალ ბიუჯეტში 80 ათასი ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა მთავრობამ არ გაითვალისწინა ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ერთობლივი განცხადება მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს, დაახლოებით, 150-160 ათასი ლარი დაუჯდებოდა.

წარმოდგენილი ბიუჯეტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა ორმა დეპუტატმა – გიორგი ალასანიამ („თავისუფლი დემოკრატები“) და ბესიკ ფიფიამ („ევროპელი დემოკრატები“).