აქტუალური
დამალული გადასახადის დავალიანებაზე ამნისტია გამოცხადდება

12misha-amnistთბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასთან შეხვედრისას ისაუბრა. იგი საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. მისი თქმით, ამ პროგრამის მიზანია, მოსახლეობას სტიმული მისცეს და მომავალ წელს მიწის უფრო დიდი ფართობი დამუშავდეს.

მთავრობის წევრებისგან ქვეყნის პირველმა პირმა სოფლად ტრაქტორების რაოდენობის აღწერასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი შემოტანის საკითხზე  დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პრეზიდენტის ინიციატივით, იმ პირებს, რომლებმაც ტრაქტორები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავის არიდების გზით შეიძინეს და ამის გამო ტექნიკას არ აჩენენ, ჯარიმა არ დაეკისრებათ.

„დამალული  გადასახადის დავალიანებაზე ამნისტიაც გამოცხადდება. ტექნიკის ლეგალიზაციის პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის იანვრის დამლევს დასრულდება. ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ტრაქტორები ხალხმა გამოიყენოს და მიწის დამუშავებას მოხმარდეს. საქართველოში, სულ ცოტა, 5-6 ათასი ტრაქტორი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ წელში გავიმართოთ. დღეს ამის დეფიციტი გვაქვს. იმ ხალხს, ვისაც ტრაქტორი არ სჭირდება, შეუძლია, სასუქი იყიდოს, ან, თუკი ვაუჩერს ამ მხრივ ვერ გამოიყენებს, ივნისში თანხა აიღოს. პირადად ჩემი რჩევაა, ვაუჩერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოიყენონ“, – განაცხადა სააკაშვილმა.