საზოგადოება
SOS!!! თბილისი გაზის სექტორშია!

111sosსაქართველოს დედაქალაქში ბუნებრივი აირის მესვეურებს ცისფერი სათბობი პლასტიკის მილებით გაჰყავთ. ეს მილები შესანიშნავად იწვის, ზიანდება და იმტვრევა – ამაზე უკეთესი რაღა უნდა ინატრო თბილისის მცხოვრებთა უსაფრთხოებისათვის? „ყაზტრანსგაზმა“, რომელსაც ამჟამად ქართველი მმართველი უდგას სათავეში, ამგვარად გადაწყვიტა, მრიცხველების ბინებიდან სადარბაზოში გატანისას მომჭირნეობა გასწიოს. პანიკაში ჩავარდნილ მცხოვრებთ იმით ამშვიდებენ, რომ სახლები კარგად ნიავდება ორპირი ქარებით, ამიტომ გაჟონვა საშიში არ არის.

მას შემდეგ, რაც სვანებმა საბაგირო გზის ბოძები თავდაყირა ჩაარჭვეს, წეროვანში დევნილებმა მინის საწმენდი სითხე გამოუშვეს, რომლის მინიდან ჩამორეცხვა შეუძლებელია, ამერიკულმა სიმინდმა მოსავლის მოცემის ნაცვლად ბრანწი გვიჩვენა, სააკაშვილმა ანაკლიაში გახსნა „დროებითი ხიდი“ და სავაჭრო ცენტრი, რომელიც მხოლოდ 6 თვის შემდეგ ამუშავდება, თითქოს აღარაფერი უნდა გვიკვირდეს. არაფერიც, უფრო ეფექტური მიღწევებიც არსებობს. თბილისურ ბინებში ბუნებრივი აირი ახლა იაფად და „იორღად“ – პლასტიკის მილებით გაჰყავთ.

სულის სიღრმემდე შეძრულმა საბურთალოს მცხოვრებმა იური აკუნინმა თავის ბლოგზე მოათავსა დაწვრილებითი აღწერილობა იმისა, როგორ კეთდება ეს. ხელოსნებმა მისი ბინის კარის ზემოთ ნახვრეტი გაბურღეს და მთელ ბინაზე გადაატარეს ყვითელი შლანგი აივნამდე, სადაც მრიცხველი ეყენა. მეზობელ ბინაში შლანგის შესაყვანად ხვრელი კიბის საფეხურებიდან ნახევარ მეტრზე უფრო დაბლა გააკეთეს. აირი სადარბაზოშიც პლასტიკის მილით შემოდის, ოღონდ მისი დიამეტრი ოდნავ მეტია. მილი სამშრიანია, ერთი შრე ფოლგას მოგვაგონებს. ამის მიუხედავად, მილი იოლად იხვრიტება, ტყდება და იწვის. ამ შლანგებისგან აწყობილი გაყვანილობა კედლების გასწვრივ ისეა დაკიდებული, როგორც დილეტანტი ელექტრიკოსის გაყვანილი მავთულები.

მოგახსენებთ, რომ რუსეთში გაზქურიდან მილამდე მისაყვანი შლანგიც კი უწვადი მასალისა უნდა იყოს. საქართველოში კი აირის კომპანიის პროფესიონალები ცეცხლსაშიში სათბობის ამგვარად გაყვანას მთელ დედაქალაქში აპირებენ. ამ წამოწყების მიზანია მრიცხველების სადარბაზოში გატანა, რათა უკეთ აკონტროლონ ბუნებრივი აირის ხარჯვა, რომ ის ვეღარავინ მოიპაროს. სხვათა შორის, ახალი, 80-დოლარიანი მრიცხველის ყიდვასაც აიძულებენ მოსახლეობას.

გაყვანილობა ჭკვიანურად რომ გაკეთდეს, ცხადია, ლითონის მილები და შედუღება უნდა გამოიყენონ, მაგრამ ეს ყაზახურ კომპანიას  ოთუსბირი დაუჯდება. ამიტომაც მან გადაწყვიტა, მცირე ხარჯებით გამოძვრეს და ამით საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს. „წარმოიდგინეთ, სახლში ხანძარი რომ გაჩნდეს... თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ბუნებრივი აირი თითქმის უსუნოა მასში სპეციალური დანამატების სიმცირის ან საერთოდ არარსებობის გამო, გასაგებია, რომ აირის გაჟონვას აფეთქება შეიძლება მოჰყვეს – წერს იაკუნინი, – როგორც ჩანს, სახელმწიფოს საერთოდ მიუფურთხებია საკუთარი ხალხისათვის, მაგრამ აირი სიმინდი არ არის და ამ ამბავს არაერთი ტრაგედია შეიძლება მოჰყვეს“.

საბურთალოელი ბლოგერის აღშფოთებას შედარებით უფრო პატრიოტულად განწყობილი იუზერი გამოეხმაურა, რომელიც პლასტიკის მილებში  ცუდს ვერაფერს ხედავს. „ჩემთან უკვე თვეზე მეტია, ასეთი შლანგები გაიყვანეს. როგორც ჩანს, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილზე/დაგეგმვაზე. ჩემ შემთხვევაში, რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, თუნდაც, ვიღაცამ შლანგები ლურსმნით დახვრიტოს. სადარბაზო ხომ დახურული არ არის, ეს ღია სივრცეა, სადაც აირი ვერ დაგროვდება და ვერც აფეთქდება“, – გვამშვიდებს მეორე თბილისელი. „გასაგებია, რომ დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ გახლავთ, მაგრამ სასიკვდილო საფრთხეც არ არის“, – ამტკიცებს იგი, თუმცა არც კი ცდილობს, წარმოიდგინოს, რა მოხდება, აირიან მილს ვინმემ განგებ რომ მოუკიდოს ცეცხლი. და, საერთოდ, მის ბინაში ლითონის მილებია, ხოლო სადარბაზოში რა მოხდება, რაში ეკითხება.

კიდევ ერთი მრჩეველი მოგვიწოდებს, პანიკას არ ავყვეთ და მერიას მივმართოთ, მაგრამ ეს ხომ მთლად უაზრობაა – ამ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანიაა, ამ შემთხვევაში – „ყაზტრანსგაზი-თბილისი“, და არა მერია. იქ მშვენივრად უნდა იცოდნენ, რომ პლასტიკი კარგად იწვის, ხოლო თუ შიგ აირია, ხმაურით ფეთქდება კიდეც. სხვათა შორის, ყაზახები დროებით ჩამოაცილეს კომპანიის მართვას, რადგან მას დიდი ვალები დაუგროვდა, და დროებით მმართველად ქართველი დანიშნეს. გიყვარდეს, ის ასწავლის მომჭირნეობას!

და, საერთოდ, იაკუნინის ოპონენტების აზრით, მოსახლეობა თავად არის დამნაშავე იმაში, რომ კომპანია იძულებულია, იაფი მასალები გამოიყენოს. ის იძულებულია, სოციალურ ფასად – 50 თეთრად გაყიდოს 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ, როცა მისი რეალური ღირებულება 80 თეთრია.  თურმე „ყაზტრანსგაზი-თბილისი“ ამ დაბალი ტარიფის გამო გაკოტრებულა, რომელიც სახელმწიფომ მოსახლეობის ზეწოლის შედეგად დაადგინა. „ეს წყეული სოციალიზმი ელექტორატისათვის დაღუპავს ქვეყანას“, – ასკვნის ზოგიერთი ბლოგერი, რომლებსაც, როგორც ჩანს, სამსახურიც აქვთ და კარგი ხელფასიც. ისინი, აგრეთვე, ურჩევენ იაკუნინს და ყველას, ვისაც აფეთქებისა ეშინია, თვითონ შეიძინონ რკინის მილები. თითქოს ის იყოს დაინტერესებული მრიცხველების გაკონტროლებით და მოგების გაზრდით. თანაც, დაფიქრდით, ერთ ბინაში გაყვანილ ლითონის მილებს განა შეუძლია მთელი სახლის უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა? ჰოდა, ასე იცხოვრებს აწი თბილისი დენთის კასრზე.

 

სალომე ბატიანი

http://www.georgiatimes.info/articles/69645.html