საზოგადოება
თბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. მერიის პროექტი „1000 ჯიხურის“ ფარგლებში დღეს მორიგი აუქციონი გაიმართება. როგორც პრესის გავრცელების კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, აუქციონზე გატანილი ლოტების უმეტესობა იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც აქამდე მათი ჯიხურები იდგა. პრესის გავრცელების სააგენტოები „მაცნე“, „ელვასერვისი“ და „პლანეტა ფორტე“ პროექტში მონაწილეობის მსურველებს სოლიდარობას სთხოვენ და მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც მათი ჯიხურების განთავსების ადგილებს ემთხვევა.
„პრესის გამავრცელებელი კომპანიები ითვალისწინებენ და იზიარებენ თბილისის მერიის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილე და გამარჯვებული სუბიექტების წინადადებებს და აცხადებენ – ქალაქის ტერიტორიიდან აიღეს პრესის გამავრცელებელი კომპანიების სს „მაცნეს“, შპს „პლანეტა ფორტესა“ და შპს „ელვასერვისის“ კუთვნილი ჯიხურები, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა პრესის გავრცელებას ქალაქ თბილისში. 2011 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ მე-80 აუქციონზე, ძირითადად, გამოტანილია აღნიშნული კომპანიების კუთვნილი ჯიხურების განთავსების ადგილები. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, გამოგვიცხადონ სოლიდარობა და არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც ემთხვევა მერიის მიერ აღებული პრესის გამავრცელებელი ჯიხურების განთავსების ადგილებს.კერძოდ: სს „მაცნე“ – ლოტი 33: 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 16, 18, 19, 23, 24, 25;
შპს „ელვასერვისი“ – 33: 14, 17, 21;
შპს „პლანეტა ფორტე“ – 33: 3, 6, 26.
შემდეგ აუქციონებში მონაწილეობის შესახებ სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.