სამართალი
სახალხო დამცველის მიმართვა მთავარ პროკურორს

1212rekomendaciaთბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ №18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე წინასწარი გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

როგორც საქინფორმს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2011 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები №18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძეს გაესაუბრნენ. ოქროპირიძის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო 2011 წლის აპრილში მან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა. ოქტომბერში ევროსასამართლოდან მსჯავრდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მისთვის მკურნალობის ჩატარების თაობაზე მითითება გამოიგზავნა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა №18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც გადაყვანის დღიდან სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. გარდა ამისა, პატიმარს სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი.

ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მის ახსნა-განმარტებებში, რომლებიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში უკვე გადააგზავნა.