პოლიტიკა
გიგა ბოკერია: „პოლიტიკურად საქართველო დღეს ყველაზე დაცულია“

bokeria-giga44თბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ სტუმრობისას განაცხადა, „ამაში როგორც შიდაპოლიტიკური ვითარება, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოსადმი დამოკიდებულება იგულისხმება“.

„ბუნებრივია, სანამ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, როგორიც არის, საფრთხეების იგნორირება არ შეიძლება. ჩვენ გვსურს, რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს, ვინაიდან გეოგრაფიას ვერ შეცვლი, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ძალისხმევის ხარჯზე ვერ მოხდება. ცვლილება მოსკოვში უნდა მოხდეს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მოხდეს იმ ფაქტის აღიარება, რომ საბჭოთა რესპუბლიკები ახლა დამოუკიდებელი ქვეყნებია. ჩვენ იმედი გვაქვს, რუსეთში განვითარებული მოვლენები, საბოლოო ჯამში, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს იმ კონდიციამდე მიიყვანს, როცა ის დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა იქნება, რომელიც პატივს სცემს მეზობლების არჩევანს. ეს, ბუნებრივია, რუსი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, ასეთი რუსეთი დავინახოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „საუბარი იმაზე, რა ცვლილებები შეიძლება, მოხდეს რუსეთში განვითარებული მოვლენების თვალსაზრისით, ნაადრევია, მაგრამ რაც ხდება, ხელშესახები და მნიშვნელოვანი პროცესია“.