სამართალი
ეკა ბესელია: „სამართლებრივ დავას გავაგრძელებთ“

apelacia-beseliaთბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ბათილად ცნო პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებულება №602, რომლითაც ხვედელიძეს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

„ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესი ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში. სასამართლომ გააუქმა სააკაშვილის განკარგულება. რაც შეეხება ივანიშვილს, აქ მოსამართლემ ვერ გაბედა, ყოფილიყო ბოლომდე ღია და დატოვა სააკაშვილის აქტი უცვლელად“, – განაცხადა ადოკატმა ეკა ბესელიამ.

როგორც ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, აუცილებლად გაასაჩივრებენ ზემდგომ ინსტანციაში.

„ამ ნაწილში ვაპირებთ, გავასაჩივროთ და გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის 11 ოქტომბრის № 602 ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.