საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძე უმაღლეს სასწავლებლებს აკრიტიკებს

12vashadzeeთბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისთვის 2011 წლის ანგარიშის ჩაბარებისა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა, „საქართველოს არცერთ უმაღლეს სასწავლებელს საგარეო უწყებისთვის სათანადო კადრების მომზადება არ შეუძლია“.

„კოლეგებთან სერიოზულ პრობლემურ საკითხებზე გვქონდა საუბარი და ასეთი საკითხი ბევრია. მათ შორისაა კადრების მომზადება, საქართველოს წარმომადგენლობების გახსნა იმ ქვეყნებში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს სამინისტროს ძალიან სპეციფიკურად მომზადებული კადრები სჭირდება და, სამწუხაროდ, საქართველოს ვერცერთი უმაღლესი სასწავლებელი ამას ვერ ახერხებს, რის გამოც სწავლება ადგილზე გვიწევს. პრობლემა ისიცაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ხშირად კადრებს სხვა უწყებებიც ესესხებიან, რადგან ყველა უწყებას აქვს თანამშრომლობა საზღვარგარეთ შესაბამის უწყებებთან. ამიტომ ვისაუბრეთ ფინანსებზე, სასწავლო ცენტრებზე და მომავლისთვის დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.