პოლიტიკა
სააკაშვილი: „როგორც უნდა შეიკრან წარსულისა და ბნელეთის ძალები, ჩვენ გავიმარჯვებთ“

saakashvili88თბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე კომენტარი მხოლოდ ერთხელ გააკეთა, თუმცა არაპირდაპირ მის გამოსვლებში ბიზნესმენი გარემოცვითურთ ყოველთვის აქტუალურია – პრეზიდენტი ივანიშვილს, ძირითადად, „წარსულის ძალად“ მოიხსენიებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე სააკაშვილმა ამჯერად ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

„მე თქვენთან მოვედი 2007 წლის ბოლოს. მაშინაც ბევრს ვყავდით ჩამოწერილი. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ეპოქა აღმშენებლობის გარეშე დამთავრდებოდა, იმიტომ, რომ ყველა ძალა შეიკრა მაშინ. მაშინაც რუსეთის მიერ დაფინანსებული, ხოლო ახლა ამაზე ღიად შეიძლება ლაპარაკი. მაშინაც მთელი უცხოური სპეცსამსახურებით ზურგგამაგრებული. მაშინაც ეს ძველი, საბჭოთა და შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ხალხი იყო ერთად შეკრული, ვინც ძარცვავდა, ანადგურებდა, ვინც დამცირებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და მაშინაც ეგონათ, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. მაშინ აქ მოვედი თქვენთან ახალციხეში და თქვენ მითხარით, რომ პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება და ერთად ავაშენებთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ და ჩვენ გავიმარჯვებთ შემდეგშიც. იმიტომ, რომ როგორც უნდა შეიკრან წარსულისა და ბნელეთის ძალები, როგორც უნდა მიგვათრევდნენ უკან საბჭოთა კავშირში, ამ ჩაბნელებულ ეპოქაში, ამ ჩაშმორებულ  უშუქობაში, უგზოობაში, უპერსპექტივობაში, ერთი და იგივე ხალხის მიერ მუდმივად ქვეყნის ძარცვაში, ქართველი ხალხი არის არა იქ, სადაც ისინი იკრიბებიან, არამედ ქართველი ხალხი ხართ თქვენ. ქართველი ხალხი არის ის, ვინც აქამდე მოიტანა ეს ქვეყანა“, – განაცხადა სააკაშვილმა.