საზოგადოება
თბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ საზოგადოებას ამცნო იმის შესახებ, რომ ქართული თეატრები ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებენ. მიზეზად კი, მინისტრის განმარტებით, თეატრებმა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლა დაასახელეს.
„თეატრის მმართველებმა გადაწყვიტეს, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულნი და თავისი არტისტული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, უარი ეთქვათ ბატონი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებაზე, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია“, – განაცხადა რურუამ. ივანიშვილის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დაადასტურა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურმა. სხვა თეატრებს კი ამის შესახებ ჯერჯერობით არ განუცხადებიათ.