პოლიტიკა
თბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც 2011 წლის ბოლო ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული დიპლომატიისთვის 2011 წელს წარმატებულად აფასებს, თუმცა მინისტრის მოადგილე აქვე აღნიშნავს, რომ მომავალი წლისთვისაც ბევრი გამოწვევა რჩება.
„2008 წლის აგრესიისა და ოკუპაციის შემდეგ ჩვენ ძალიან რთული სასტარტო პირობები გვქონდა, თუმცა სამი წლისთავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მრავალი მიმართულებით საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს. განსაკუთრებით გამოვყოფდი შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან დაახლოება-ასოცირებას, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის შეთანხმებაც, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის მსო-ს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებზე გაფორმდა. გარდა ამისა, გამოვყოფდი ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს, ასევე, წარმატებულ რეზოლუციას, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიიღო“, – განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, „ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და მომავალი წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევა იქნება, რომელიც კარგადაა ასახული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“.