სამართალი
არასამთავრობოები მათთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებენ

arasamtavroboebbთბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კერძო და არასამთავრობო სექტორისა და რიგითი მოქალაქეებისათვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ და არჩევნების თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციაზე არასამთავრობოები გაავრცელებენ მიმართვას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება, თუ საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს დაამტკიცებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მისაღებ ცვლილებათა ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ თავად ამომრჩევლებს, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, არაპროპორციულად გამკაცრდეს კერძო სექტორისათვის დაწესებული შეზღუდვები.