საზოგადოება
თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე მიმდინარე წლის 24 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო.
შეხვედრაზე ილია მეორე დაინტერესდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დეტალებით. კათოლიკოს-პატრიარქმა სინანული გამოთქვა, რომ დარბაზის სიმცირის გამო ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო. უწმიდესმა ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: „ცხოვრება სირთულეებისგან შედგება და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება“.ილია მეორე ხელისუფლების მხრიდან შექმნილი სხვა პრობლემებითაც დაინტერესდა. საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის გახსნასაც. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის ბოლოდან საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები რეგიონებშიც გაიხსნება.
შეხვედრის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, ხატი „საქართველოს იმედი“ აჩვენა. ამ ხატის შესაქმნელად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ხატის – „საქართველოს იმედის“ – შექმნის იდეა დიდი ხანია, ჰქონდა.