პოლიტიკა
სააკაშვილი პედაგოგებს შეხვდა

mishiiiko123თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი პროგრამაში – „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ – ჩართულ 150  პედაგოგს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები შეაფასა. შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ აღნიშნულ პროგრამაში ახალგაზრდების ჩართულობა მათ დიდი გამოცდილების გარდა, მომავალი წინსვლის შესაძლებლობას მისცემს.

„მაშინ, როდესაც თქვენს ერთ ნაწილს შევხვდი, ვთქვი, რომ თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები. დღეს საქართველოში არ არის უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფების ინტეგრაცია, მათ მიერ გათავისება, რომ ისინი არიან ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი და მათი ჩართვა საერთო სახელმწიფოებრივ პროცესში. იმის მიუხედავად, რომ  ბოლო წლების განმავლობაში პოზიტიური შობადობისა და  პოზიტიური მიგრაციის ბალანსი გვაქვს სხვა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ მაინც პატარა, მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ. ყველას, ვინც საქართველოში ცხოვრობს, საშუალება უნდა მივცეთ, რომ ჩვენი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა მათ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი იდეალისტებისთვის ყველა გზა ხსნილია. იგი განათლების დარგის ახალ პროექტებსაც შეეხო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც ხელისუფლებას ამ მიმართულებით აქვს.

„მომავალ წელს ქართველი იდეალისტების დიდი ჯგუფი შემოგიერთდებათ. ჩვენთან ჩამოვიდა რამდენიმე ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი, ახალზელანდიელი პედაგოგი, რომლებიც ხელფასის გარეშე მუშაობენ. ეს მე სრულებით არ მიკვირს, რადგან საქართველოში ასეთივე იდეალისტები გვყავს – კიდევ უფრო თვალანთებული, კიდევ უფრო მოტივირებული და განსაკუთრებული. შეიძლება ვინმეს ეწყინოს კიდეც, მაგრამ თქვენ ნამდვილად საუკეთესო ქართველები ხართ – ყველაფერი მიატოვეთ და იმყოფებით აქ. თქვენ წახვედით სრულიად უცნობ გარემოში, შესაძლოა, დისკომფორტსაც განიცდით, მაგრამ იცით, ამას რისთვის აკეთებთ. აი, ეს არის ნამდვილი თავდადება. ასეთი ქართველები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ესენი ის ქართველები არიან, რომლებიც „ვარდების რევოლუციის“ კლიმატმა წარმოშვა. მათ აქვთ ახალი საქართველოს განცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ვეღარ დაგვაბრუნებს. წარმოიშვა ახალი საქართველო, რომელიც სულ სხვა იდეალებზეა დაფუძნებული და სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლებმაც ბულგარეთში შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, IPAD-ებით დაასაჩუქრა.