თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2011 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით წმიდა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა, რომელსაც როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და სხვა პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
ტაძარში პრეზიდენტს უწმიდესი და უნეტარესი პირადად მიეგება და მას ახალი ხატი „საქართველოს იმედი“ დაათვალიერებინა, რომელიც შემოწირულობების საშუალებით შეიქმნა. სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.პატრიარქს აღსაყდრების 34 წლის იუბილე პირდად მიულოცა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელიც უწმიდესმა საზეიმო ლიტურგიის მსვლელობისას საკურთხეველში მიიწვია.
საიუბილეო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, რომ პატრიარქობის 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა.
„ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე – იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება, ხალხის ერთსულოვნება. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს და ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით, ღვთის შეწევნით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს“, – ბრძანა პატრიარქმა.