საზოგადოება
მიხეილ ხუბუტიას ღია წერილი ნიკოლოზ რურუას

photo1თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრესცენტრმა საქინფორმს ორგანიზაციის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას ღია წერილი გადმოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ღია წერილი საქართველოს კულტურის მინისტრს ბ-ნ ნიკოლოზ რურუას

პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ!

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირი“, რომელიც 2007 წლის აპრილში შეიქმნა, საქართველოდან ჩამოსულ და ამჟამად რუსეთში მცხოვრებ ათ ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წევრები სრულიად სხვადასხვა ადამიანები არიან, მათ შორის – ძალიან ღარიბები, რომლებსაც ჩვენი დახმარება და ზრუნვა სჭირდებათ!

ყველა ამ ადამიანისათვის „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ოფისი მშობლიურ სახლად იქცა. მეტიც, დღევანდელ დღეს, შექმნილი პოლიტიკური გარემოებების გამო, ის, ფაქტობრივად, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს ფუნქციას ასრულებს. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდიუმი ამტკიცებს და ახორციელებს მრავალ პროექტსა და ღონისძიებას, რომლებიც ქართველი ხალხის კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციაზეა მიმართული. ჩვენ ვეხმარებით ხელმოკლეებსა და უსახლკაროებს, სოციალურად დაუცველებს. „რუსეთში ქართველთა კავშირს“ ჰყავს სტიპენდიატები – ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც კულტურისა და სპორტის სფეროში მაღალ შედეგებს აღწევენ!

რამდენიმე წლის წინათ სწორედ „რუსეთში ქართველთა კავშირმა“ საკუთარი სახსრებით გაარემონტა მოსკოვში საქართველოს საელჩოს შენობა. თუმცა საქართველოდან მადლობის ერთი სიტყვაც არ მიგვიღია. პირიქით, ქართულმა მედიამ ეს ინიციატივა, ჩვეულებისამებრ, ლაფში ამოსვარა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვჩერდებით და კეთილი საქმეების კეთებას განვაგრძობთ. სწორედ „რუსეთში ქართველთა კავშირმა“ დააფინანსა ამ ზაფხულს ბათუმში სახელგანთქმული მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის ჩამოსვლა. და საკუთარი ძალებით ჩვენ კიდევ ბევრ არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტს წარმატებით ვახორციელებთ.

სწორედ რუსეთში ქართველთა კავშირმა მოიფიქრა უნიკალური საგამომცემლო პროექტი 100 ქართველი საზღვარგარეთ, და ამ წიგნის მოსამზადებლად და გამოსაცემად ზურაბ აბაშიძე დაიქირავა. თუმცა, როგორც კი ჩვენგან იდეები, ფული და თავისი საშუამავლო ჰონორარი მიიღო, ბატონმა ზურაბმა ეს ყველაფერი თავისი ჩვეული მანერით სადღაც გააქრო და წიგნის გამოცემის სპონსორად კომპანია მაკდონალდსიმიიწვია! ამასთან, მან ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა უნიკალური გამოცემის იდეურ სულისჩამდგმელს ჩვენი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს, 82 წლის ნოდარ მეძმარიაშვილს, რომელიც 2 წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა ამ ფოლიანტზე. არადა, ჩვენ ხარისხიანი, კორპორაციული ბიზნესატრიბუტიკით შეურყვნელი წიგნის გამოცემა გვსურდა, რომლის ჩვენება მთელი მსოფლიოსთვის არ შეგვრცხვებოდა! რუსეთში ქართველთა კავშირი მისი პრეზენტაციის მოწყობას 2011 წლის დეკემბერში პარიზში გეგმავდა.

ცოტა ხნის წინათ ჩვენ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „მოსკოვი-თბილისის“ გადაღება დავასრულეთ, რომელიც მაყურებელს რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის შესახებ მოუთხრობს. სახელგანთქმული რევაზ ჩხეიძის თხოვნით მე ამ ფილმის პროდიუსერი გავხდი და ის მთლიანად დავაფინანსე.

პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ! „რუსეთში ქართველთა კავშირს“ კიდევ უამრავი გეგმა აქვს და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროექტში, რომლებიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის დიდი შვილების სახელის უკვდავყოფაზე, ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრობისა და მშვიდობის აღდგენაზე, ჩვენს ქვეყნებში მართლმადიდებლური იდეალებისა და ტრადიციების მხარდაჭერაზე. მაგრამ ძალიან ძნელია, თუნდაც, ყველაზე კეთილი საქმეების კეთება, როდესაც საქართველოს მხრიდან, თუნდაც, მცირეოდენ ყურადღებასაც კი არ ვიღებთ. სამწუხაროდ, რუსეთის ქართული დიასპორა იმ ობოლს ჰგავს, რომელსაც  მშობლები ცოცხალი ჰყავს. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდიუმის სხდომებზე, სადაც იკრიბებიან როგორც უხუცესები, ისე ყმაწვილკაცობა, ხშირად მეკითხებიან: „რატომ არ მიაქციეს არც ერთხელ ყურადღება რუსეთში მცხოვრებ მილიონიან დიასპორას არც საქართველოს კულტურის მინისტრმა, არც დიასპორის საქმეებში სახელმწიფო მინისტრმა, არც რომელიმე სხვა ქართველმა ჩინოვნიკმა?“

არადა, ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება! ხომ ხედავთ, რა ტიტანური ძალისხმევით ცდილობენ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წევრები სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას. მაგრამ მხარდაჭერის, თქვენი მხრიდან პარტნიორობის გარეშე ბევრი ჩვენი წამოწყება, როგორც კი საქართველოს მიაღწევს, მკრთალდება, სიცრუის ნაკადში იძირება, ძლიერ მახინჯდება.

პატივცემულო ბატონო ნიკოლოზ, „რუსეთში ქართველთა კავშირის“ სახელით მოგმართავთ თხოვნით – დაგვეხმარეთ საქართველოს ტერიტორიაზე პარტნიორების მოძიებაში, რომლებსაც შესაძლებელია, ვანდოთ საპასუხისმგებლო პროექტები კულტურული თანამშრომლობისა და ხალხური დიპლომატიის სფეროში. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ერთობლივი პროექტების გრძელი ჩამონათვალი, ჟურნალ-გაზეთების და წიგნების გამოცემით დაწყებული – კონცერტების, გამოფენების, კონკურსების მოწყობით დამთავრებული, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, შეგვიძლია, ორგანიზება გავუკეთოთ საქართველოში ისეთი ცნობილი რუსი შემსრულებლების გასტროლებს, როგორებიც არიან იოსებ კობზონი, ნადეჟდა ბაბკინა, ნადეჟდა კადიშევა.

დიდ იმედს ვამყარებ გაგებასა და ურთიერთინტერესზე. ყველა ჩვენი წინადადება და სურვილი ხომ მხოლოდ ერთი მიზნისაკენ არის მიმართული – რომ ქართველები სამუდამოდ არ მოსწყდნენ საქართველოს, საქართველოს კი ყოველთვის ჰქონდეს თავისი შვილების იმედი. და რომ არ ჩაქრეს ქართველი და რუსი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც მუდმივად აძლევდა დადებით იმპულსს ქართველი საზოგადოების განვითარებას.

 

პატივისცემით,

მიხეილ ხუბუტია,

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი