პუბლიკაციები
ლიკა ყაზბეგი: „წარმატებული ქალი პოდიუმზე –2011“

kazbegiეროვნული ბიბლიოთეკის წვეულებათა დარბაზში 2011 წლის 15 დეკემბერს ლიკა ყაზბეგის პროექტის – „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ – რიგით მეოთხე ჩვენება გაიმართა. ჩვენებაში მონაწილეობდა 20-მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალბატონი, მათ შორის: თეა დარჩია, ხათუნა გაგნიძე, ნინო თოლორდავა, ელენე კაჭარავა, ნანა კიკნაძე, ქეთი ნიჟარაძე, მაკა მიქელაძე, ნუკი ედიბერიძე, მარიკა ჩანგიანი, ნინო ცქიტიშვილი, ია მაქაცარია და სხვები.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ პროექტისა და ბიზნესქალბატონებისთვის დიზაინერმა ნინო გოგიბერიძემ ტრადიციული ქართული სამოსი – ყაბალახები შექმნა, რომლებიც მონაწილეებმა ჩვენებაზე მოხდენილად წარმოადგინეს.

წარმოდგენილ იქნა სალომე ამანათიშვილის ფეხსაცმელი, ჩანთები და კაბები; თაკო რუხაძის აქსესუარები.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ჩვენების პარალელურად, წელს პირველად პროექტში მონაწილე მანდილოსნების ფოტოგამოფენაც მოეწყო. წარმოდგენილ იქნა 30 ქალბატონის ფოტოსურათი.

ჩვენების თანაორგანიზატორი და პარტნიორი გახლდათ ფოტოგრაფთა კლუბი „WWW. GRAF.GE“ (ფოტოგრაფები – ვანო ფიცხელაური, ავთო მეტრეველი და ვასილ აზმაიფარაშვილი).

მონაწილეების ჩაცმულობაზე დიზაინერებმა სალომე ამანათიშვილმა და ნინო გოგიბერიძემ იზრუნეს. სწორედ მათ წარმოადგინეს დიზაინერ თაკო რუხაძის აქსესუარებიც.

პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ პირველად 2008 წელს განხორციელდა. 4 წლის განმავლობაში მან საზოგადოებას არაერთი წარმატებული მანდილოსანი ახალი, საინტერესო კუთხით გააცნო.

ლიკა ყაზბეგის გადაწყვეტილებით, პოდიუმზე საზოგადოებისთვის ცნობილი ათი ქალბატონი გავიდა, ათი კი – თავის საქმეში წარმატებული, მაგრამ ნაკლებად ცნობილი მანდილოსანი.

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტო „ლიკა ყაზბეგის“ ხელმძღვანელი, პროექტის ორგანიზატორი: „ამ პოდიუმზე ცნობად სახეებთან ერთად გამოდიან წარმატებული, მომხიბლავი, მდიდარი რეგალიების მქონე ქალბატონები, რომლებსაც ნაკლებად იცნობს საზოგადოება.

მეოთხე ჩვენება მართლაც წარმატებულად ჩატარდა. მე უკვე ახალი გეგმები მაქვს და კიდევ უკეთეს პოდიუმს შევთავაზებ გაზაფხულზე საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს თანაორგანიზატორსა და პარტნიორ „graf.ge“-ს. რომ არა ისინი, ფოტოგამოფენას ვერ მოვაწყობდი, რომელზეც დიდიხანია, ვოცნებობდი“.

ნუკი ედიბერიძე, კაპიტანი (შსს): „მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს ნამდვილად არ მიშლის ხელს, ერთი დღე პოდიუმზე დავდგე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი თითოეული თანამშრომელი ყოველთვის ქართველი ხალხის სამსახურში დგას. ამასთან, ყოველთვის მზად ვართ, ასეთ ლამაზ, სახალხო პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა“.

ნინო თოლორდავა, პირველი არხის ჟურნალისტი, „მოამბის“ წამყვანი: „დადებით ემოციას მაძლევს პოდიუმი. უკვე მესამეჯერ გამოვდივარ და ძალიან სასიამოვნოა ყოველ ჯერზე. ესაა განტვირთვის ფანტასტიკური საშუალება. დიდ სიამოვნებას ვიღებ ამით. მინდა, წარმატება ვუსურვო ლიკა ყაზბეგს და ამ პროექტს“.

ნინო ცქიტიშვილი, ყოფილი მოდელი: „ძალზე  საინტერესო და, ამავე დროს, სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის ეს პროექტი. არაჩვეულებრივი პიროვნებები გავიცანი. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესოა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალბატონების ხილვა მოდელის ამპლუაში“.

საქინფორმი აქვე გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ლიკა ყაზბეგთან.

უკვე რამდენიმე წელია, ახორციელებთ პროექტს – „წარმატებული ქალები პოდიუმზე, ჩვენებამ წელსაც საინტერესოდ ჩაიარა. რას იტყვით ამ პროექტის შესახებ?

– მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა ჩემთვის მოსაბეზრებელია, ახალ-ახალ იდეებს ნელ-ნელა ვახორციელებ. ერთ  მშვენიერ დღეს კი გადავწყვიტე, პოდიუმზე თაობა შემეცვალა. გავაკეთე პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“, რომელშიც 30 წელს გადაცილებული ქალბატონები მონაწილეობდნენ. არაჩვეულებრივი ჩვენება გამოვიდა. საზოგადოებასაც ძალიან მოეწონა. ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი  ჩემს გენერალურ სპონსორ ზაზა რაზიკაშვილს მიუძღვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ეს იყო ერთჯერადი ექსპერიმენტი, რომელიც მოთხოვნის გამო ორჯერ გავიმეორე შემდეგ წლებშიც და ასე იქცა ტრადიციად.

მაქვს მეორე ყოველწლიური პროექტი – საქორწინო კაბების ჩვენება. მინდა, წელს ეს პროექტი სიღნაღში – სიყვარულის ქალაქში, გავაკეთო. 40-მდე პროექტი მაქვს დაწერილი და  ეტაპობრივად განვახორციელებ.

რადენად ადვილად თანხმდებიან წარმატებული ქალები თქვენს შეთავაზებას?

– უმრავლესობას უფრო მეტად უხარია პოდიუმზე გამოსვლა, ვიდრე პროფესიონალ მოდელებს. მთელი ცხოვრება ზოგმა თეატრს შესწირა, ზოგმა – სიმღერას. სცენა მათთვის უცხო კი არაა, მაგრამ პოდიუმი მაინც „სხვა ხილია“. მეც ვიყავი ორჯერ პოდიუმზე და ძალიან მომეწონა. პირველად ზალიკო ბერგერის ჩვენებაზე გამოვედი და შემდეგ – ლალი მოროშკინასთან. იმდენად მომეწონა ამ ამპლუაში ჩემი თავი, ველოდები, კიდევ როდის შემომთავაზებენ. ეს არის ქალური ბუნების გამოვლენის საუკეთესო საშუალება.

ახლაც ბევრი ქალბატონი მირეკავს და მთხოვს, პროექტში მონაწილეობა მივაღებინო. ძალიან მეუხერხულება უარის თქმა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განვაცხადო, რომ მირჩევნია, დამიტოვონ არჩევანის უფლება, ჩემი პროექტისთვის თავად შევარჩიო ქალბატონები. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან წარმატებული ქალბატონები არიან, მაგრამ მე ჩემი  კრიტერიუმები მაქვს...

ლიკა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც საქართველოში სამოდელო ბიზნესს მოჰკიდა ხელი. დღეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა, უამრავი სამოდელო სააგენტო გაიხსნა. მაშინ, ალბ, უფრო რთული იყო ამ საქმის წამოწყება...

– 16 წელია, რაც სამოდელო სააგენტო მაქვს და ჩემს სფეროსთან დაკავშირებით ახლაც ყურს მჭრის სიტყვა „ბიზნესი“. მართალია, ეს წლები ენთუზიაზმზე არ ვმუშაობდი, მაგრამ რომ არა ჩემი ამ საქმისადმი უზარმაზარი სიყვარული, ბევრჯერ დავანებებდი თავს სამოდელო სფეროს.

სხვა პროფესიებიც მაქვს, მაგრამ ჩემთან ყველაზე ახლოს ეს საქმეა. უკეთ გამომდის, ვასწავლო ადამიანებს ლამაზად სიარული.

ვამეცადინებ ბავშვებს 4 წლიდან, თინეიჯერებს. ყველაზე დიდი მოსწავლე, რომელიც ამჟამად მყავს, 45 წლის ქალბატონია. სხვათაშორის, ძალიან მომწონს ეს ქალბატონი და დიდი ენთუზიაზმით ვამეცადინებ.

თქვენი სამსახური, ალბ, ძალიან დიდ ენერგიას, ნერვებს მოითხოვს. მითუმეტეს, ეს სფერო  სკანდალებითაა განებივრებული“. როგორ ართმევთ თავს ამ ყველაფერს?

–  ამაში ჩემი პირადი ფსიქოთერაპევტი ირმა ბერძენიშვილი მეხმარება, რომელთანაც ინტენსიურად დავდივარ. ამ ხნის განმავლობაში, რაც ამ საქმეში ვარ, ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ვნანობ, რომ ფსიქოლოგს ადრე არ მივაკითხე. ეს რომ გამეკეთებინა, მშვიდ და ჯანსაღ ნერვებს შევინარჩუნებდი.

ფსიქოლოგთან ჩემი ვიზიტები ბავშვებთან ურთიერთობას მიადვილებს. მისგან მიღებულ რჩევებს მოსწავლეებთან მეცადინეობისას ვიყენებ. ისინიც უფრო მეტად მენდობიან და იხსნებიან ჩემთან.  მოგეხსენებათ, თინეიჯერობის ასაკი ძალიან რთული პერიოდია. მეც აუტანელი ვიყავი ამ ასაკში. ძალიან კარგად მახსოვს, რას ვუკეთებდი მშობლებს და როდესაც ასეთ დროს ბავშვებისა და მშობლების აზრი და შეხედულება ერთმანეთს არ ემთხვევა, მათ სჭირდებათ ადამიანი, ვისიც სჯერათ. მე კი ყოველთვის მზად ვარ მათთვის რჩევების მისაცემად.

ხმამაღალ სიტყვას ვიტყვი ჩვენს პროფესიასთან დაკავშირებით – ეს არის „მეფური პროფესია“. მეფეებს, სხვა მრავალთა შორის, სპეციალურად ასწავლიდნენ სიარულს.

დღეს საქართველოში სამოდელო სააგენტოებს შორის ჯანსაღი კონკურენცია?

– მე, პირადად, ძალიან კოლეგიალური ვარ. ჩემს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პროექტში – „წარმატებული ქალები პოდიუმზე“ – ჩემი კოლეგა ლალი ტოტიკაშვილი გამოვიყვანე. ახლა კი  სხვა სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელებთან მაქვს შეთავაზება. რაც შეეხება კონკურენციას, ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ჯანსაღია. კონკურენციასთან საბრძოლველად ერთი მარკეტინგული ხერხი მოვიფიქრე. ჩემთან, სხვა სააგენტოებისგან განსხვავებით, გადასახადი ერთჯერადია. მოდის მოსწავლე და ერთჯერადად იხდის თანხას და დადის  მანამდე, სანამ არ ისწავლის ლამაზ სიარულს. შეიძლება ერთი წელიც ამეცადინო და თანხა ახდევინო, მაგრამ თუ ბავშვი ნიჭიერია, მონაცემები აქვს, სწრაფად ითვისებს. შეგნებულად არ უნდა გაუწელო ბავშვს დრო. არის სააგენტოები, სადაც 3 წელი ასწავლიან სიარულს.

ყველაზე მეტად ვისთან გიყვართ მუშაობა?

– ჩემს სააგენტოში თინეიჯერები და უკვე ჩამოყალიბებული ქალბატონებიც დადიან, მაგრამ ყველაზე მეტად ბავშვებთან მიყვარს მუშაობა. ბავშვები ძალიან ნიჭიერნი არიან, ყველაფერს მარტივად ითვისებენ. ტრადიციად მექცა, ყოველი ჩვენება, სადაც უნდა იყოს და რა თემატიკასაც უნდა ეხებოდეს, ყოველთვის ბავშვების გამოსვლით გავხსნა. მათ ისეთი აურა აქვთ, ფაქტობრივად, გზას უკვალავენ მოდელებს. სწორედ ეს მისია აკისრიათ ჩემს ჩვენებებში ბავშვებს – პირველი ეფექტის, დადებითი აურის შემოტანა სცენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთოდ, ქართველები სკეპტიკურად ყვნე განწყობილი სამოდელო საქმისადმი, კიდევ უფრო მძაფრად განიცდიდენ პოდიუმზე ბიჭების გამოჩენას. დღესაც გაიგონებთ, რომ ყველა კცი, ვინც პოდიუმზე დგას გეია. თქვენ რას იტყვით ამსთან დაკავშირებით?

– ჩემს სააგენტოში დაახლოებით 50 ბიჭი მომზადდა. ვფიქრობ, დამოკიდებულება ახლა უკვე შეიცვალა. ბევრი ბიჭია დღეს მოდელი. პოდიუმზე მდგომთა შესახებ ადრინდელივით შეურაცხმყოფელ სიტყვებს აღარ ამბობენ. ზოგადად, მოდელ ბიჭებზე ისეთი მოთხოვნა არ არის, როგორც გოგონებზე. ეს სფერო უფრო ქალებისაა.

ადრე სილამაზის კონკურსებიც  იყავი ჩართული. რამ განაპირობა კონკურსებზე უარის თქმა?

–აქტიურად ჩავერთე სილამაზის კონკურსებში. ფაქტობრივად, ჩემი კარიერის დასაწყისში სილამაზის თითქმის ყველა კონკურსის ორგანიზატორი ან ჟიურის წევრი ვიყავი, ან ჩემი გოგონები მონაწილეობდნენ. ბოლო სილამაზის კონკურსი 2000 წელს მოვაწყე სხვა ორგანიზატორებთან ერთად. ეს იყო ყველაზე გრანდიოზული „მის საუკუნე“,რომელსაც, რა თქმა უნდა, სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. სწორედ ამ კონკურსის შემდეგ ვთქვი მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი, რადგან ეს საქმე ძალიან დიდ ენერგიას და ნერვებს მოითხოვეს.

ბოლო დროს მის საქართველოს კონკურსებსაც ხშირად ახლავს სკანდალები. ბოლო მისსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. როგორ ფიქრობთ, ხელოვნურად შეუქნეს ჟანეტ ქერდოშვილს პრობლემები?

– სილამაზის კონკურსები სკანდალებს იწოვს. შეუძლებელია, ყველაფერი გათვალო. გამოჩნდება ვინმე შედეგით უკმაყოფილო და გიჩივლებს ან კონკურსის რომელიმე მონაწილე ატეხავს სკანდალს... ძირითადად, გარეგნობაში დეფექტის მქონე გოგონებს აქვთ პრეტენზიები და ამბიციები. ამიტომაც ჩამოვშორდი სილამაზის კონკურსებს და, სხვათა შორის, პირადი ფსიქოლოგიც სწორედ ბოლო სილამაზის კონკურსის შემდეგ ავიყვანე.

მაოცებს ჩემი კოლეგა ია კიწმარიშვილის გამძლეობა. ბოლო სკანდალის შესახებ ვიტყვი, რომ ნამდვილად არაფრისგან შექმნეს. გოგონას იქ არ ექმნებოდა პრობლემა, სადაც უნდა გაგვეშვა და ჩვენ ხელოვნურად შევუქმენით აქ. არ მესმის ასეთი დამოკიდებულება. რა გვინდოდა ამ ბავშვისგან და რატომ ვანერვიულეთ?! თანაც, უნდა ითქვას, რომ ბოლოდროინდელ მისებს შორის ეს გოგონა საუკეთესო იყო. ეს იყო თითიდან გამოწოვილი მიზეზებისგან შექმნილი პრობლემა.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ალბათ, არ იცის, რომ თქვენ სანტოსთან ერთად  სიმღლეში ზრდის ცენტრიგაქვთ…  

– ეს არის ანატოლი პალკოს  საკმაოდ ცნობილი მეთოდი, რომლის ძირითადი ოფისიც მოსკოვშია. ამ მეთოდის განსაკუთრებულობა ისაა, რომ 30 წლის ასაკის შემდეგაც შესაძლებელია სიმაღლეში გაზრდა. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან ვმუშაობთ. ჩვენს კონსტრუქტორს საუკეთესო შედეგები აქვს. დადიან არა მარტო მოდელები, არამედ ბალერინები, მოცეკვავეები, სპორტსმენები... წლების განმავლობაში მაღალი მოდელების დეფიციტი მქონდა. მყავდა უამრავი ულამაზესი გოგონა, რომლებიც კარიერას სიმაღლის გამო ვერ იკეთებდნენ. ეს ცენტრი კი ამ პრობლემის მოხსნაში გვეხმარება.

ბოლო დროს თბილისში მომრავლებულ FASHION WEEK-ბში უ ხართ ჩართული?

– მაყურებლის ამპლუაში – კი, ჩვენ ვთანამშრომლობთ. მირეკავენ კასტინგების დროს. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოეთიშება თამაშს რომელიმე და დარჩება მხოლოდ ერთი „FASHION WEEK . იმდენად კურიოზულები ვართ ქართველები, არაა გამორიცხული, ერთ დღეს საერთოდ მოგვბეზრდეს და არცერთი „FASHION WEEK აღარ გვქონდეს. სიმართლე გითხრათ, უკანასკნელი მოდის კვირეული არც გამხსენებია. სისტემატური სიარული უკვე მომბეზრდა.

თბილისურ მოდის კვირეულებზე, ძირითადად, მეგორების სანახავად, ახალი ვარცხნილობს ან სამოსის დემონსტრირებისთვის დადიან. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკირებით?

– არ დავმალავ – ჩემი იქ წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ შესაძლებლობა მეძლევა, ერთ დღეში ერთ ადგილას ვნახო უამრავი მეგობარი, რომელთაც თვეების განმავლობაში ვერ ვხვდები. ხმამაღლა ვამბობ იმას, რის აღიარებაც სხვებს უჭირთ და თავიანთ ვიზიტებს კვირეულებზე ახალი ტენდენციებისადმი ინტერესს მიაწერენ. არადა, სიახლის შესახებ სახლში ინტერნეტის საშუალებით გაცილებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. რასაკვირველია, საქმისთვისაც გამოვიყენე ჩემი ვიზიტები, გავიცანი მრავალი დიზაინერი, რომლებთანაც მომავალშიც ვაპირებ თანამშრომლობას.

რას გეგმავს უახლოეს მომავალში ლიკა ყაზბეგი?

– უახლესი ჩვენება ორ თვეში მექნება. ვაპირებ მარკეტინგის მენეჯერებისა და პიარის სპეციალისტთა პოდიუმზე გაყვანას. დაგეგმილი მაქვს „შოკ დეფილე“, რომელსაც უკვე მესამე წელია, ვამზადებ. ჟურნალისტებიც დიდი ხანია, ელიან. ძირითადი საკითხები უკვე გადავწყვიტე.

მინდა, ისეთი ვინმე გამოვიყვანო პოდიუმზე, ვისი გამოჩენაც ყველას ძალიან გაუკვირდება. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვა ეს პროექტი.

ესაუბრა

თეო ტაბატაძე

საქინფორმი

 

(მასალის ფოტოილუსტრაცია იხ. საიტის მთავარ გვერდზე – სლაიდშოუში, სრულმასშტაბიანი  – რუბრიკაში „ფოტოგალერეა“. ფოტოები შესრულებულია „ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ www.graf.ge )